თეგებით ძიება

უსაფრთხოდ არიან თუ არა ჩაქვის სკოლაში თქვენი შვილები პანდემიის დროს?

პანდემია და მისი თანმხლები მოვლენები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით აქტუალურ და მწვავე პრობლემად იქცა.

სახელმწიფოები ცდილობენ სწორი გეგმები დასახონ პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში.
მიიღეს სპეციალური ზომები, დაწესდა რეგულაციები და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს დაემატა ლოქდაუნიც.

კორონავირუსმა მნიშვნელოვნად დააზარალა - მსოფლიო ეკონომიკა, ჯანდაცვის სისტემა, კულტურა, ტურიზმი, განათლება.

მათ შორის ალბათ განსაკუთრებით საყურადღებო ფაქტია, თუ რა გავლენა მოახდინა ოცდამეერთე საუკუნის „უჩინარმა მტერმა“ მოზარდთა განათლება-ჩამოყალიბებაზე.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შევეცადე ჩემი რეგიონის მასშტაბით, „Tia.ge“-ის მკითხველისთვის, პატარა გმოკვლევა ჩამეტარებინა.
გამოკითხვისთვის ორი სკოლა შევარჩიე - „ჩაქვის №1 საჯარო სკოლა“ და „კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის ჩაქვის სასულიერო გიმნაზია“.

„ჩაქვის №1 საჯარო სკოლაში“ ვიზიტისას, იმედგაცრუებული დავრჩი... აღნიშნულ სკოლაში, სწავლობენ, როგორც დაბის, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორიებისა და შორიახლო სოფლების მკვიდრი მოსწავლეებიც...

 უსაფრთხოდ არიან თუ არა ჩაქვის სკოლაში თქვენი შვილები პანდემიის დროს?


სკოლაში მისვლის შემდეგ, კიდევ უფრო გამიმძაფრდა დაუცველობის განცდა და შემაძრწუნა სკოლაზე პასუხისმგებელი პირების გულგრილმა და აგრესიულმა დამოკიდებულებამ. აქ ნანახმა და გაგონილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
დავიწყებ იქიდან, რომ დღეს, როდესაც ასმაგად უნდა კონტროლდებოდეს სკოლა, მე, უცხო პირმა, გარე სივრციდან ისე შევაღწიე, რომ არანაირი სკრინინგი არ გამივლია, არცერთ პასუხისმგებელ პირს არ გავუჩერებივარ, არ გაუსინჯავთ სიცხე და არც ჩემს დეზინფექციაზე უზრუნიათ... აღსანიშნავია ისც, რომ სკოლის შიდა სივრცეში პირბადეების გამოყენებისა და მოსწავლეთა დისტანციის მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა... შემაძრწუნებელია ის გარემოებაც, რომ სკოლაში შეღწევით, მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ, როცა ერთ-ერთ პედაგოგს ჩემი ვინაობა და სკოლაში მისვლის მიზეზი გავუმხილე. სწორედ ამის შემდეგ მათში თავდაცვის მექანიზმმა მყისიერად იფეთქა და ჩემში „მტერი“ დაინახეს... დახმარებისთვის მივმართე სკოლის ადმინისტრაციას განვუმარტე ჩემი სკოლაში მისვლის უწყინარი მიზეზიც, თუმცა ამის მიუხედავად, მისგან აგრესია და აშკარა ნეგატივი წამოვიდა და იმის მაგივრად, რომ დასმულ კითხვებზე ეპასუხათ, უხეში ტონით იმის მტკიცება დამიწყეს, რომ პანდემიაა და სკოლაში უცხო პირის შესვლა არ შეიძლება!.. აქვე მინდა დავამატო ისიც, რომ ეს სწორედ ის სკოლაა, რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა რომ მოიპოვა, ვიდეოში ჩანს თუ როგორ „ტენიან“ ბავშვებს მარშუტკაში ყოველგვარი რეგულაციების დაცვის გარეშე...

იგივე საკითხთან დაკავშირებით, ზემოთ უკვე ხსენებულ სასულიერო გიმნაზიასაც მივმართე. აქ პირველ საჯარო სკოლასთან შედარებით მკვეთრად განსხვავებული ვითარება დამხვდა. შესვლისთანავე გავიარე სპეციალური კონტროლი, სიცხის გაზომვისა და დეზიმფექციის ჩათვლით, გავტარდი ვიზიტორთა ბლანკში და მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებთან შეხვედრა. შიდა სივრცეც რეგულაციების შესაბამისადაა მოწყობილი, რასაც ჩემ მიერ გადაღებული ფოტო მასალაც ადასტურებს (ყველა სართულზე არის მოწესრიგებული სადენზიფექციო ხსნარები), აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების უმრავლესობას უკეთია პირბადე და მასწავლებლებიც შეძლებისდაგვარად აკონტროლებენ დისტანციას.




გიმნაზიიდან ნამდვილად არ წამოვსულვარ იმედგაცრუებული. აქ გულისყურით მოეკიდნენ ჩემ მიერ დასმულ კითხვებს.
მასწავლებლის ნაწილს მიაჩნია, რომ კოვიდმა მოზარდების განვითარებაზე აშკარად ნეგატიური გავლენა იქონია, კონკრეტულად, ისინი მიაჯაჭვა კომპიუტერებს, გაზარდა მათში სტრესული მდგომარეობა და შესაბამისად, ყოველივე ეს უარყოფითად აისახა მათ აკადემიურ მოსწრებაზე. პედაგოგთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის ბავშვები, რომლებიც კოვიდამდე გამოირჩეოდნენ სწავლისადმი განსაკუთრებული მოტივაციით, არც პანდემიის პერიოდშიც არ გასჭირვებიათ მობილიზება და აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში... საყურადღებოა ისიც, რომ ზოგიერთი მასწავლებელი აშკარად ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ დისტანციური სწავლებისას გამოიკვეთა მოსწავლეთა მცირე ნაწილი, რომელმაც ონლაინსწავლებისას გაცილებით უფრო შეძლეს საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების წარმოჩენა, ვიდრე სტანდარტული სწავლებისას.



ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის შეჯამების შემდეგ კი შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, თვალსაჩინოა ის რომ ეპიდგარემოებამ ძალიან დიდი რეგრესი გამოიწვია მოზარდთა განვითარების კუთხით, გარდა აკადემიური მიღწევების ხარისხის ვარდნისა, მოსწავლეთა დიდ ნაწილს სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა თუ სხვა ფსიქოლოგიურ-სტრესული პრობლემები შეუქმნა, რასაც თან ერთვის სახელმწიფოს მხრიდან სრული უკონტროლობა, ეს უკანასკნელი კი კიდევ უფრო ზრდის პანდემიასთან უვადო თანაცხოვრების რისკს.

ვფიქრობ ყოველივე ამის მოგვარება, ყოველ ჩვენგანში მოქალაქეობრივი თვითშეგნების, საკუთარი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებით უნდა დავიწყოთ, ყველამ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ჯაჭვურად უნდა ვიბრძოლოთ „უჩინარი მტრის“ წინააღმდეგ!.. დავიცვათ დისტანცია! დავიცვათ ჰიგიენის წესები! ვატაროთ პირბადე! და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!..

სტატიის ავტორი - გურანდა ქათამაძე




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა