თეგებით ძიება

ტყემლოვანა - ქვევრის სამშობლო

გაზაფხულის მოსვლა ყველა ადამიანში სხვადასხვა ასოციაციას იწვევს, სოფელ ტყემლოვანას მკვიდრთათვის ეს პერიოდი ასოცირდება იმ საქმიანობის დაწყებასთან რომლის ისტორია 8000 წელს ითვლის.

თუკი გაზაფხულზე სოფელ ტყემლოვანაში მოხვდებით აუცილებლად ნახავთ ქართული ტრადიციული ქვევრის დამზადების პროცესს,ამიტომაცაა რომ ეს სოფელი ქვევრების სამშობლოდაა მიჩნეული, მოსახლეობა კი საუკუნეების მანძილზე მისდევს იმ ტრადიციას, რომელსაც საფუძველიი ჯერ კიდევ ადრე ბრინჯაოს ხანაში ჩაეყარა.

ზოგიერთი ადამიანისთვის დღემდე უცნობია თუ რას წარმოადგენს ქვევრი და რაში მდგომარეობს ქვევრის ღვინის საიდუმლო, ქვევრი ესაა ქართული ტრადიციული თიხისგან დამზადებული ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება ღვინის დასაყენებლად და შესანახად. მან შექმნის დღიდან დღევანდელ პერიოდამდე მრავალი სახეცვლილება განიცადა, ხოლო ქვევრის ღვინის წარმოების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს რომ ყურძნის წვენი თავის კანთან და წიპწებთან ერთად გადის ფერმენტაციას და ამის შემდეგ ფერმენტირებულ ჭაჭაზე ვარგდება რამდენიმე თვის განმავლობაში.

ტყემლოვანა - ქვევრის სამშობლო


უძველესი დროიდან იმერეთი მეღვინეობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო, ხოლო ტყემლოვანა ის სოფელია, რომელსაც ტრადიციული ქვევრის დამზადებაში კონკურენტი არ ჰყავს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ქართული ქვევრი მსოფლიოს ყველა ქვეყნის ინტერესის საგანია.

ქვევრის დამზადების პროცესი ტყემლოვანაში შემდეგნაირად იწყება - ქვევრისათვის აშენებულ ქარხანაში, სპეციალურად ქვევრისთვის დამუშავებული და ეკოლოგიურად სუფთა თიხით მისი გამოძერწვა ხელით სატრიალებელ ე.წ. მორგვზე იწყება, რომელზეც მხოლოდ ქვევრის ძირი მზადდება,ამის შემდეგ იგი გადაინაცვლებს ქვევრის ძირის სადგამზე და როდესაც იგი გარკვეულ სიმაღლეს მიაღწევს, კეთების პროცესი უკვე მიწაზე გრძელდება, გაშრობის შემდეგ კი ქვევრის გამოსაწვავად ე.წ ქურას იყენებენ, რომლის ტემპერატურა 1100 გრადუსს აღწევს, გამოწვის შემდგომ ქვევრის დასაცავდ იგი ფუტკრის ცვილით მუშავდება,ხოლო გამძლეობის მიზნით მას გარედან ცემენტითა და კირის ფენით ფარავენ. ქვევრის დამზადება ერთჯერადად არ ხდება, მისი მოცულობიდან გამომდინარე პროცესი რამდენიმე თვესაც კი გრძელდება. ქვევრის ოსტატს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ათეული ქვევრიც კი დაამზადოს. სოფელი ტყემლოვანა ამ ტრადიციას დიდი სიამაყითა და სიმტკიცით აგრძელებს.



ქვევრის წარმოებით თითოეული მეთუნე საკუთარ წილ აგურს დებს ქვეყნის კულტურის განვითარებაში და მჯერა რომ ამ საქმიანობას კიდევ მრავალი თაობა თავდაუზოგავი შრომის ფასად გააგრძელებს.

სტატიის ავტორი: მირანდა ჩინჩალაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა