მეგი ბაქრაძის საქმის ადვოკატი მოწმეების ხელახლა გამოკითხვას ითხოვს
ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამიძე, საქმის მოწმეების ხელახლა გამოკითხვას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, საქმის 5 ტომი მოწმეთა ჩვენებებისგან შედგება, თუმცა შეცვლილი ჩვენებების გამო საქმეზე კითხვები გაჩნდა.
ვახტანგ ბარამიძის განცხადებით, ამ ტომებში ძირითადად ახალციხის მედპერსონალის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებია, მათი უმრავლესობა რამდენჯერმე გამოიკითხა. ადვოკატი ამბობს, რომ ერთი და იმავე ადამიანების მიერ, სხვადასხვა დროს მიცემული, შეცვლილი ჩვენებები ამ საქმეში კითხვებს აჩენს.
ბარამიძის თქმით, ასევე არაზუსტია გამოკითხულთა მიერ დასახელებული ვაქცინაციის დრო და ვიდეოჩანაწერში ასახული დრო. რაც კიდევ ერთი უზუსტობაა. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში არ დევს ვაქცინის ფლაკონი, რაც საეჭვოს ხდის საქმის გამოძიების დეტალებს. ადვოკატი 18 მარტს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგებისთვის, მოწმეების თავიდან გამოკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს.
2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. იმავე დღეს ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.