თეგებით ძიება

ბადრი დრეიძე - ინტელექტუალური თამაშების წამყვანი და მსახიობი საგარეჯოდან

"ჩემი რეგიონის“ ფარგლებში, TIA.GE მკითხველს ბადრი დრეიძეს გააცნობს, რომელსაც საგარეჯოში კარგად იცნობენ, როგორც მსახიობს და ინტელექტუალური თამაშების წამყვანს. იგი ასევე საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორია.

დაიბადა საგარეჯოში, 1964 წლის 19 დეკემბერს.

"სკოლებს რაც შეეხება, ხშირად ვიცვლიდი. თავდაპირველად სწავლა დავიწყე ჩემი სახლის წინ არსებულ დაწყებით სკოლაში, ახლა ამ ადგილას საცხოვრებელი სახლია. დაწყებითი განათლების შემდეგ გადავედი საგარეჯოს #1 საშუალო სკოლაში, შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ გადავედი #2 საშუალო სკოლაში, მიზეზი გახლდათ ის, რომ აშენდა #4 საშუალო სკოლა და საცხოვრებელი ადგილის მიხედით მოხდა მოსწავლეთა გადანაწილება. ბავშვობიდან მოხეტიალე და მეამბოხე სული მქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე საგარეჯოს პოლიტექნიკურ ტექნიკუმში საქონელმცოდნეობის სპეციალობით, კომუნისტების დროს სასწავლებელი ძალიან კარგად ფუნქციონირებდა.

ბადრი დრეიძე - ინტელექტუალური თამაშების წამყვანი და მსახიობი საგარეჯოდან


-როგორ აირჩიეთ თქვენი პროფესია, გახსოვთ პირველი გამოსვლა სცენაზე?

- როგორ მოხდა ჩემი გამოსვლა საგარეჯოს თეატრის სცენაზე... ტექნიკუმში ჩემი სწავლის პერიოდში სწავლობდა თეატრის მსახიობი ფატი მდივანი, ერთ მშვენიერ დღეს ტექნიკუმიდან ერთად მოგვიხდა ფეხით წამოსვლა, გზაში მითხრა, რომ საგარეჯოს თეატრში რამოდენიმე დღეში უნდა ყოფილიყო პრემიერა და სურვილი ხომ არ გაქვს მონაწილეობა მიიღო ამ სპექტაკლშიო, დიდი სიხარულით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და ასე დავუკავშირე ჩემი ცხოვრება ამ საინტერესო სფეროს. პირველი სპექტაკლი იყო ოთარ ჩხეიძის „ვისია ვისი“, რეჟისორი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ლადო ცხვარიაშვილი იყო, რომელიც წლების შემდეგ ჩემი ნათლული გახდა. (ცნობისათვის ბებიაჩემი ირინე ჯაფარიძე წარსულში საგარეჯოს თეატრის პრიმა მსახიობი გახლდათ, ხოლო პაპაჩემი ვანო დრეიძე საგარეჯოს თეატრალური საზოგადოების მდივანი იყო). 1983 წელს დავამთავრე ტექნიკუმი და მაისის თვიდან მუშაობა დავიწყე კულტურის სახლში, სადაც 29 წელი სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმუშავე. 2012 წელს გადამიყვანეს საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერად. რაც შეეხება ინსტიტუტს, 1988 წელს ჩავირიცხე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში კულტურულსაგანმანათლებლო ფაკულტეტზე.



-რამდენ სპექტაკლში მიგიღიათ მონაწილეობა და განსაკუთრებულად რომელს გამოარჩევდით?

მონაწილეობა მაქვს მიღებული 17 სპექტაკლში. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ სპექტაკლში 3 როლი შემისრულებია. ყველა როლი თავისებურად დასამახსოვრებელია, მაგრამ გამოვყოფდი ზაურ სვანიძის „რეპეტიცია ანუ ტრაგედიის დასაწყისი“, რომელიც 1996 წელს დადგა თინათინ მეზვრიშვილმა. ამ სპექტაკლით მონაწილეობა მივიღეთ გურჯაანში სახალხო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე, აქ მივიღე პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

-ვიცით რომ თქვენ სატელევიზიო პროექტშიც მიგიღიათ მონაწილეობა და ახლახანს გაიმარჯვეთ „უპასუხე საქართველოში“ რა განცდა გქონდათ?

- სატელევიზიო პრეოქტებში მონაწილეობა ცაკლე რამაა, პირველი პროექტი სადაც ვმონაწილეობდი ეს იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები, როდელაც მაშინდელ პირველ არხზე გადიოდა ინტელექტუალური თამაში „ნაღდი შოუ“. ეს იყო გუნდური თამაში, ამ თამაშში მივიღეთ მონაწილეობა მეგობრების ჯგუფმა და გავხდით სუპერთამაშის გამარჯვებულები. შემდეგ იყო 2012 წელს რუსთავი -2 ზე „იღბლიანი ბორბალი“, სადაც გავიმარჯვე და მოვიგე ორადგილიანი საგზური ეგვიპტეში, ამ ეტაპზე ბოლო გამარჯვება არის ტელეკომპანია „იმედზე“ უპასუხე საქართველოს“, სადაც ქალბატონ მანანა მაისურაძესთან ერთად გავიმარჯვეთ და მოვიგეთ 24 000 ლარი. განცდა როგორია, ეგ თუ არ გამოცადე ვერ გაიგებ...

-როგორ მუშაობდით თეატრში და რამე ხომ არ შეიცვალა ამდენი წლის მანძილზე?

- თეატრში მუშაობაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ამ ცხოვრებიდან წავიდნენ ის ადამიანები რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს...

-რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

- წარმატების ფორმულა? ბევრი კითხვა...

- დროს რა ფასი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?

- ვინ აფასებს დროს, რომ მე ვაფასებდე.



- თეატრის გარდა თუ ხართ კიდევ სადმე დასაქმებული?

- ზემოთ უკვე მოგახსენე, რომ ვარ მუზეუმის მენეჯერი. 1988 წლიდან ვმოღვაწეობ საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციაზე, ამ ეტაპზე ვარ ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ პანდემიამ აგვირია დალაგებური ცხოვრება, იმედია ყველაფერი დალაგდება...

-რას აპირებთ სამომავლოდ?

- ტელეკომპანია „იმედზე“ დაიწყო ახალი პროექტი „თავიდან ბოლომდე“ თუ არა გყავს მოახლეო, თავი მოიმოახლეო, ფინანსურად მიჭირს გენაცვალე, წავალ და გავიუმჯობესებ ფინანსურ მდგომარეობას.

სტატიის ავტორი - მიხეილ ჭიაბერაშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა