თეგებით ძიება

გურული ქალი - ფათერაკიანი და ექსტრემალური ცხოვრების გარანტი

გურული ქალი ამოუცნობი ფენომენია, რომელიც მათი ქმრების აზრით, ანადგურებს ნერვულ სისტემას, იწვევს წნევის არასტაბილურ მდგომარეობას, ახასიათებს ფეთქებადობა და არის ადვილად აალებადი, კაპარწახი (კაპასი); ასევე, ახასიათებს მოგზაურობაში გაგზავნა სხვადასხვა მიმართულებით (ზმუკი, ჯანდაბა, დოზანა, კურმუხეთი). აი, ასეთ ფენომენს ეწოდება გურული ქალი.

კიდევ ამბობენ, რომ „გურული ქალი გაზაფხულივითაა. ვერ გეიგებ ცივა, გრილა, თბილა თუ ცხელა მის ხასიათში. ყველაფერია მასში და ვითარების შესაბამისად გამოამზეურებს, ამიტომაცაა საინტერესო და მრავალფეროვანი. ყოველთვის ერთნაირ ხასიათზე ჩემი მტერი იყოს.“

ერთხელ ერთი კაცისთვის უკითხავთ:

„- რატო მოიყვანეთ გურული ცოლი?
- რა ვიცი, მიყვარს ფათერაკიანი და ექსტრემალური ცხოვრებაო“.

არცერთ სხვა კუთხის ქალზე იმდენი ანეგდოტი არ არსებობს, როგორც გურულზე. მაგალითად, „გურულ ქალს გველი უკბენს... 10 წუთის შემდეგ - რაცხა დაგემართა, შენ თავს დააბრალე! - მიაძახა ქალმა გველს“.

გურული კაცები ხუმრობენ: „ქარიშხლებს ხომ ჰქვიათ გურული ქალის სახელები. გადავამოწმეთ და ყველას გურული გვარი ჰქონიაო“, „გურული ქალის ყოლა ოჯახში... ჩათვალეთ, რომ ნაღმზე ზიხართ“, „იმფერ კოშმარში ვყავართ ქმრები, ათი წლით ადრე გვეკუთვნის პენსიაში გასვლაო“ და ა. შ.

თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ „გურული ქალი" ცივ ქვაზე დაასახლებსო კაცს. „ასთე უთქუამთ ჩვენში და დააცადე შე კაცო, იქნება კი უნდა ვინცხას დასახლება“.

გურულ ქალებს ენაც ტკბილი აქვთ, გულიც თბილი, ხელი კი - გემრიელი და მწარეც... თანაც გურული ქალის ყველაზე გამოკვეთილად თვალშისაცემი თვისებაა: ყოველთვის მოუცლელია... მოუსვენარი, საქმიანი, თავზე ცეცხლკიდებული გურული ქალები მაკვარანცხები (მოხერხებულები), ბარჩხალი (მარჯვე, ყოჩაღი), დრიაშები (ბეჯითი, ენერგიულად მოტრიალე დიასახლისები) არიან.

დილენჯს (ანუ ზარმაცსა და გაურჯელ), აბლაუცას (მოუხერხებელ), ბალანგარა (უწესრიგო, უსუფთაო), ბენტერა (დაბნეულ) ქალს აქ იშვიათად შეხვდებით. საქმისთვის თავის გამობმა (მოგვარება) სწორედაც რომ ეხერხებათ. საორხელოდ (უგულოდ, უგემურად) და ბალაბოშად (დაუდევრად, აგდებულად) საქმეს არ გააკეთებენ. თანაც ხელგვიანები (საქმეში ნელები) არ არიან, არამედ, პირიქით, ხელჩქარები (ხელმარდები), თან არც „მიაბალახტარებენ“ (უხეიროდ და ნაჩქარევად გააკეთებენ) საქმეს. არ უყვართ მოროხვილი (მიულაგებელი, არეულ-დარეული) სახლი და კარ-მიდამო.

გურული ქალი - ფათერაკიანი და ექსტრემალური ცხოვრების გარანტი



სტატიის ავტორები: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა