თეგებით ძიება

არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე დ.კ.-ს ბრალდება წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ორი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე დ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.კ-მ სარგებლის მიღების მიზნით არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, ექსპლუატაციის მიზნით, მან გადაიბირა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული, მასთან მცხოვრები მეუღლის არასრულწლოვანი დისშვილები, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში შრომით ექსპლუატაციას უწევდა. დ.კ. არასრულწლოვნებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით თბილისის სხვადასხვა ქუჩებში წვრილმანი ნივთების გაყიდვას აიძულებდა.

ამასთან, დ.კ.-მ არასრულწლოვნებს სავალდებულოდ დაუწესა მასთან ყოველ დღე 40 ლარის მიტანა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა და შრომის გაგრძელებას აიძულებდა. არასრულწლოვნების მიერ ნივთების გაყიდვით და მოწყალების გზით შეგროვებულ თანხებს ბრალდებული თავად ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

„დ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა