თეგებით ძიება

ცხოვრება მთაში- როცა განათლებას კილომეტრები გაშორებს

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს, აქ ზამთარი განსაკუთრებით გრძელი, ცივი და სუსხიანია. დიდ თოვლობის გამო ხშირად გზები იკეტება, რაც მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან თოვლიანობის გამო სოფლები ცივილიზაციას კვირების განმავლობაში შესაძლოა მოწყდეს.

დღეს ხევსურეთის მკვიდრ, ლიქოკელების ოჯახზე, კერძოდ, და-ძმა ლიქოკელებზე მინდა გიამბოთ, მათ განათლების მიღებისთვის 9 კილომეტრი უნდა გაიარონ...

Tia.ge ს რესპოდენტი 18 წლის თათია ლიქოკელია, მას 3 ძმა ჰყავს. ლიქოკელების ოჯახი ხევსურეთის დაცარიელებული სოფლის „ჭალის სოფლის“ ერთადერთი დარჩენილი ოჯახია, სოფელი მოსახლეობისგან ნელ-ნელა დაიცალა. ლიქოკელების ოჯახი კი, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა დღესაც არ ტოვებს მშობლიურ სახლს. სოფელში ინტერნეტი და სატელეფონო ქსელები სულ ცოტა ხნის წინ დააყენეს, როგორც თათია გვიყვება, სოფელში ტელეფონიც კი არ იჭერდა, თუმცა, ინტერნეტის გაყვანამ პრობლემები შედარებით მოაგვარა.

თათია თავის ორ ძმასთან - გაგასა და გიასთან ერთად ხევსურეთის სოფელ, ბარისახოს სკოლაში სწავლობს, ზაფხულში და-ძმა სკოლის მანქანას დაჰყავს, თუმცა, ზამთარში სკოლამდე გზის გაკვალვა ფეხით უწევთ, ჭალის სოფლიდან ბარისახომდე 9 კილომეტრია, თუმცა, ხშირად, დიდთოვლობის გამო და-ძმას ბარისახოს სკოლა-პანსიონში უწევს მთელი კვირის გატარება. სკოლა-პანსიონში და-ძმა ლიქოკელებთან ერთად კიდევ 4 ბავშვია, მოსწავლეები სკოლის დღეებში პანსიონში რჩებიან, რადგან მათთვის ყოველდღე ფეხით სკოლაში სიარული დამღლელი და სახიფათოა. და-ძმები სახლში პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ ბრუნდებიან. თათია ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დაბრკოლებების ფონზე დანებება და სწავლის შეწყვეტა არასოდეს უფიქრია, რადგან სამომავლო მიზნები ამოძრავებს.

ნაწყვეტი ინტერვიუდან

- როგორც უკვე აღნიშნეთ 18 წლის ხართ და მეთორმეტე კლასში სწავლობთ, რა არის თქვენი სამომავლო მიზანი?

-ჩემი ოცნებაა ვეტერინარი გავხდე, რომელიც ბევრ ცხოველს გადაარჩენს და სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

- რატომ ვეტერინარია?

- ბავშვობიდან ცხოველების გარემოცვაში ვიზრდებოდი, შესაბამისად, დიდი სიყვარული განმივითარდა მათ მიმართ, რაღაც დროის შემდეგ ვეგეტარიანელიც გავხდი და მივხვდი, რომ ვეტერინარია ნამდვილად არის საქმე, რომელიც მინდა ჩემი ცხოვრების ნაწილად ვაქციო.

- რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც მთაში სოფლებს ტოვებენ და ბარში გადადიან საცხოვრებლად?

- პირველ რიგში ვეტყოდი, რომ ბევრს კარგავენ, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სოფელში, ბუნებასთან და ცხოველებთან ურთიერთობა, ეს არის ის, რასაც შეუძლია ადამიანის დამოკიდებულებებისა და შეხედულებების უკეთესობისკენ შეცვლა, იმედია მიხვდებიან რამდენ სარგებელს აძლევს ბუნება ადამიანს სრულიად უსასყიდლოდ.

- როგორ ფიქრობთ, რაზე უნდა გაამახვილოს განათლების სისტემამ მეტად ყურადღება, იმისათვის, რომ მთაში მცხოვრებმა მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ?
- სისტემის რეფორმებზე არ მიფიქრია, თუმცა, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება მასწავლებლებმა მოსწავლეები წაახალისონ კლასგარეშე, საინტერესო და განახლებადი ლიტერატურით, ეს მოსწავლეებს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაში.


ცხოვრება მთაში- როცა განათლებას კილომეტრები გაშორებს


სტატიის ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა