თეგებით ძიება

ქვაბისხევის მონასტერი - ბორჯომის რაიონის მშვენება, სადაც შოთა რუსთაველის ფრესკაა შემორჩენილი

მე-8 - მე-9 საუკუნეში აშენებული ქვაბისხევის „მარიამწმინდას სახელობის“ სამონასტრო კომპლექსი ბორჯომის რაიონში, მაღალი კლდის თავზე მდებარეობს და ნაძვნარშია ჩაკარგული.

ქვაბისხევის მონასტერი - ბორჯომის რაიონის მშვენება, სადაც შოთა რუსთაველის ფრესკაა შემორჩენილი


ეკლესიამდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთული და გრძელია. არ არსებობს ერთი გზა ან ბილიკი, რომელიც ვიზიტორს დაეხმარება მარტივად ავიდეს. კიბეების ფუნქციას ასრულებს გზადაგზა კიბეებივით ჩალაგებული ფიჭვის დიდი ფესვები.

ეკლესიასთან მისვლამდე არის პატარა წყარო.

ფართო მინდვრიდან, ვიწრო გზა მიდის ეკლესიისაკენ, რომელიც საკმაოდ სახიფათოა, რადგან მასზე ორი ადამიანიც კი ვერ აუვლის ერთმანეთს გვერდს.

ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე არანაირი დამცავი ბარიერი არ არის, გარდა ორ ხეს შორის გავლებული პატარა ლენტისა, რომელსაც აქვს ქაღალდი მიკრული და აწერია „ფრთხილად, სახიფათოა“.

ტერტორია საკმაოდ მოუვლელი და დაბნძურებულია, გარშემო უამრავი ნაგავი ყრია.

ეკლესია პატარა ზომისაა და აქვს ორი ძალიან პატარა რკინის კარი, რომელშიც საშუალო სიმაღლის ადამიანიც კი ვერ შევა მოხრის გარეშე.

გარედან სხვადასხვა ორნამენტი აქვს გაკეთებული და საკმაოდ ძლიერი ქვითაა ნაშენები.

შიდა ფასადი საკმაოდ მაღალია და ორი თაღი აქვს. ტაძარს აშკარად ეტყობა, რომ იქ დიდი ხანია არ ტარდება წირვა-ლოცვა. ტაძარში უამრავი მტვერი და მოუვლელი ნივთია.

იგრძნობა, რომ აქ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ლამაზი ფრესკები უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ შეთეთრებულია და აქა-იქ ფრესკის კვალი კვლავ შემორჩენილი.

პატარა კუთხეში არის რკინის ცხაური, რომელიც პატარა გვირაბის მსგავს ოთახს კეტავს. შიგნით უამრავი რამ არის, თუმცა აშკარად იკვეთება, რომ შიდა მხარეს რაღაც ფრესკაა. ფრესკაზე გამოსახულნი არიან შოთა რუსთაველი და დედამისი (ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ შოთა რუსთაველის დედა ბორჯომიდან იყო).

აქ ულამაზესი ბუნებაა, ბევრი სიმწვანე და მაღალი კოშკები, თუმცა საკმაოდ საშიშიც, რადგან ერთი ფეხის დაცდომაც კი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს.

მონასტერი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დაწყებულია მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები. გვერდებზე აქვს ბეტონის ფილები ჩაწყობილი (ორ მხარეს) ხოლო უკანა მხარეს უამრავი ქვა ყრია, რომელიც სავარუდოდ მისი აღდგენისათვის უნდა გამოყენებულიყო, თუმცა, ამჟამად მისი დანიშნულება უცნობია.

აქვეა კედლებიდან ჩამოღებული ფრესკები (პატარა, თხელი ქვის ფირფიტები), რომელიც ღია ცისქვეშაა და წვიმისა თუ ცუდი ამინდის დროს ზიანდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში არის შანდლები, სანთლის ნამწვავები მაინც ეზოშია, აქ უამრავი სანთლის პატარა ნამწვი და ნახშირია, რომელიც პირდაპირ ქვების ძირშია დანთებული.



მონასტერი უკვე წლებია ამ მდგომარეობაშია - ნახევრად აღდგენილი, ნახევრად მიტოვებული და ქვებიც წლებია ასეა, ეკლესიის უკანა მხარეს მიმოყრილი.

აქაურთათვის ეს მონასტერი სიამაყის, სიმტკიცისა და რწმენის სიმბოლოა, თავისი ისტორიითა და წარსულით. თუმცა დღეს ნაკლებად თუ იგრძნობა ეს, რადგან შუა გზაში გაჩერებული სარეაბილიტაციო სამუშაოები არა მარტო უკარგავს წარსულის დიდებულ იერსახეს, არამედ ართმევს მომავალსაც.

ამ ეკლესიის უყურადღებოდ დატოვების გამო, იკარგება საქართველოს წარსული, იკარგება ის ფაქტიც, რომ აქ ჯერ კიდევ არსებობს შოთა რუსთაველის ფრესკა, რომლის შესახებაც არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის.


ავტორი: ნატო ვარდიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა