თეგებით ძიება

ქალი მთაში - 10 შვილის დედა და სკოლის დირექტორი უკანაფშავიდან

საქართველოში წლიდან-წლამდე იზრდება ნასოფლარების რაოდენობა, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში, რადგან მთაში ცხოვრება დაბრკოლებების მუდმივ გადალახვას ჰგავს, რომელთაც ბევრი ვერ უმკლავდება და ბარში, უკეთესი ცხოვრების ძიებისთვის მიდის.

შეიძლება იფიქროთ, რომ ცალკეული ადამიანის მთიდან ბარში ჩამოსახლება დიდი არაფერი ამბავია, თუმცა, საქმე სულ სხვაგვარადაა, რადგან სწორედ ერთი ადამიანი შეიძლება გახდეს მთისა და სოფლის სულის ჩამდგმელ-მაცოცხლებელი.

დღეს სწორედ ასეთ ადამიანზე მოგიყვებით. TIA.GE-ს რესპოდენტი ირმა ცქიფაშვილია, სოფელ შუაფხოს სკოლის დირექტორი და 10 შვილის დედა. სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა დღეს, სოფელ შუაფხოს სკოლის ფუნქციონირება და მეტიც, მისი საბაზისოდან საშუალო სკოლად გადაკეთება.

ქალი მთაში - 10 შვილის დედა და სკოლის დირექტორი უკანაფშავიდან


ირმა ცქიფაშვილისა და ზაზა ჯაბანიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი უკანაფშავში, კერძოდ კი სოფელ თხილიანში ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 1 360 მეტრზე მდებარეობს. ოჯახის დიასახლისი ირმა სკოლის დირექტორია სოფელ შუაფხოში, მან სკოლისა და სოფლის შესანარჩუნებლად ბევრი იბრძოლა.

- რას ნიშნავს ქალისთვის ცხოვრება სოფლად, რომელიც თვალსა და ხელს შუა იცლება და ცარიელდება?

- ქალისთვის, დედისთვის, სოფელში ცხოვრება არაა სახარბიელო, მაგრამ განა აქვს რაიმე მნიშვნელობა სად იცხოვრებ? სადაც გინდა იცხოვრო, დედის პასუხისმგებლობა ყველგან თან გსდევს, უბრალოდ სოფელი რომ იცლება, შენს შვილს რომ კლასელი არ ეყოლება, მძიმე წარმოსადგენია, მაგრამ ეს ბოლო წლებია სახელმწიფოსგანაც არის მზაობა სოფლებისა და სკოლების შენარჩუნების. წლებია ჩემი სოფლიდან აღარავინ გადასახლებულა.

- რა სახის მზაობაა სახელმწიფოს მხრიდან სკოლისა და სოფლის შენარჩუნების თაობაზე?

- წლების მანძილზე, შუაფხოს საჯარო სკოლა საბაზო საფეხურის იყო, მეოთხე წელია, რაც დაემატა საშუალო საფეხური, ასევე სკოლის ყველა მოსწავლეს უფასოდ დაუმონტაჟეს ვაიფაი და ინტერნეტი, ეს ყველაფერი კი მიგრაციის ხელის შემშლელად მიმაჩნია.

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ სკოლის დირექტორი ბრძანდებით, რამდენი მოსწავლეა დღეს შუაფხოს საშუალო სკოლაში?

- დღევანდელი მონაცემებით სკოლაში 13 მოსწავლე სწავლობს.

- თქვენი აზრით, რა ამოძრავებს დღეს მთას, რა არის მისი სულის ჩამდგმელი?

- მე პირადად მთის სიყვარულმა, სამშობლოს სიყვარულმა და ერის სიყვარულმა შემაძლებინა ის, რასაც ვაკეთებ, ვფიქრობ, რომ ასე მიიჩნევს დანარჩენი მოსახლეობაც, ისინი, ვინც ზამთარ- ზაფხულს არ უშინდება მთის მძიმე და მკაცრ პირობებს.

- რომ არა სკოლა და მოსწავლეები, რომელთა განათლებაც თქვენს პასუხისმგებლობად აქციეთ, როგორ ფიქრობთ, კვლავ იცხოვრებდით იქ, სადაც ახლა?

- ვფიქრობ, არ შემეცვლებოდა აზრი ამასთან დაკავშირებით, ვცხოვრობთ აქ და ვიცხოვრებთ კიდეც. შეიქმენი შენი ბუდე, მოიწესრიგე მინიმალური ცხოვრებისეული პირობები და გინდა სოფელში იყავი და გინდ ქალაქში, თუ კაცი კაცად არ ვარგა, სადაც გინდა იცხოვროს, არსად გამოდგება.

- როგორია თქვენი ცხოვრება სკოლის დირექტორობის მიღმა?

- სკოლის მიღმა ვარ ჩვეულებრივი, დაღლილი ქალი, დედა და მეუღლე.

- რას ეტყოდით ადამიანებს, რომელთაც მთა, მშობლიური სახლი დატოვეს და ბარში წავიდნენ საცხოვრებლად?

- არ ვიცი რა უნდა ვთქვა. უბრალოდ ძალიან საწყენია, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ... ია ვარდით მოფენილი ცხოვრება არსად არ დაგვხვდება, ყველგან შრომა და გონებაა საჭირო.

ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა