თეგებით ძიება

რა საიდუმლო იმალება ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე?

ჟინვალის წყალსაცავი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წყალსაცავია საქართველოში. მისი სიგრძე 7 კილომეტრია და სიდიდით არ ჩამოუვარდება საქართველოს ყველაზე დიდ წყალსაცავებს.

სიდიდესთან ერთად, იგი ზღაპრული სილამაზითაა გამორჩეული და წელიწადის ყველა დროს ტურისტების საყვარელი ადგილია, თუმცა, ის, რაც ყველამ არ იცის, მისი ისტორიაა.

ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე ისტორიული ქალაქი ჟინვალი და მეთორმეტე საუკუნის ჯვარსპატიოსნის სახელობის ტაძარია ჩაძირული, რომელიც წყალქვეშ 1985 წლიდანაა. ტაძარი წელიწადის 6 თვე წყალქვეშაა, დანარჩენი 6 თვის განმავლობაში კი მისი ნახვა შესაძლებელია.

თუ რა იმალება ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე, რა ისტორიას მალავს უზარმაზარი ჰესი, ამის გაგება დღეს შეუძლებელია, თუმცა, არქეოლოგიური გათხრები მასზე მწირ, თუმცა, ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან.

რა საიდუმლო იმალება ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე?


ოთარ ჭონქაძე სოფელი ჟინვალის მაცხოვრებელი გახლდათ. როგორც იგი აღნიშნავს სოფელში 100 ოჯახი ცხოვრობდა, როდესაც დღის წესრიგში დადგა საკითხი სოფლის დატბორვისა და მის ადგილას გიგანტური წყალსაცავის აშენებაზე, ბატონმა ოთარმა გადაწყვიტა მშობლიური სოფლისა და სახლისთვის სურათები გადაეღო, სწორედ აქედან მოგვეპოვება ფოტო მასალა აწ უკვე წყალში ჩაძირული სოფლის შესახებ, რომელიც ოდესღაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი იყო.

ბატონი ოთარი აღნიშნავს, რომ სოფლის მოსახლეობა ორად გაყვეს და სხვა, მიმდებარე სოფლებში გადაასახლეს.

ოთარ ჭონქაძე იხსენებს, როგორ უყურებდა საკუთარი სოფლისა და მიწის დატბორვას, ხედავდა როგორ ცლიდნენ ადამიანები საკუთარ სახლებს და მწუხარებით მიუყვებოდნენ გზას ახალი ცხოვრებისკენ.



ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იმ ადგილას, სადაც ახლა წყალსაცავია XII საუკუნეში მდიდარი ქალაქი არსებობდა. ამას მოწმობს 1971 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გამოკვლევებიც.

მასში მონაწილე არქეოლოგები ადასტურებენ, რომ სოფლის გათხრისას მათ უამრავი ოქროს მონეტები აღმოაჩინეს, ამასთანავე, ჭურჭელი და უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები.

სამწუხაროდ, არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა ვერ მოასწრო სოფლის მთლიანად შესწავლა, გასათხრელი დარჩა რამდენიმე ეკლესიაც.

არქეოლოგები მწუხარებით აღნიშნავდნენ, რომ ჟინვალში აუცილებლად იქნებოდა დიდებული განძი, რომელიც საქართველოს ისტორიას მნიშვნელოვან ფაქტებს შესძენდა, თუმცა, ვარაუდი ვარაუდად დარჩა, არავინ იცის, რა იმალება წყალსაცავის ფსკერზე.

დატბორვისას დაიფარა უამრავი ძვირფასი ნაკეთობა და მნიშვნელოვანი არტეფაქტები, ეს ქვეყნისთვის დიდი ტრაგედია იყო.

როგორც ექსპერტები გვიყვებიან, საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის აზრს არავინ ითვალისწინებდა, იმის მიუხედავად, რომ სოფელი ჟინვალის მოსახლეობამ ჰესის აშენებას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ამის შესახებ პრესაშიც ბევრი იწერებოდა, წყალსაცავის აშენებას ხელი ვერაფერმა შეუშალა, მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა მიცვალებულთა საფლავები, მიწა-წყალი და სხვაგან გადასახლებულიყო, ისინი საკუთარი თვალით უყურებდნენ საკუთარი სახლების დატბორვას.

და მაინც, რა იმალება ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე, რა საიდუმლოს ინახავს ეს ადგილი, არავინ იცის. კითხვა კითხვად რჩება, პასუხი კი არავის აქვს.


ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა