თეგებით ძიება

ახალციხეში, 89 წლის ქალი ოჯახის წევრებმა ცემეს

ახალციხეში, 89 წლის ქალი ოჯახის წევრებმა სცემეს. ინფორმაციას tv9news.ge ავრცელებს.

ქალის თქმით, მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადა. დაშავებული 3 მაისს, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ხანშიშესული ქალის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოჯახის წევრები მასზე ძალადობენ. ის ამბობს, რომ რძალი სისტემატურად ეჩხუბებოდა და სახლის დატოვებას სთხოვდა. მას კი წასასვლელი არსად აქვს. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, 89 წლის ქალი დროებით ნათესავმა შეიფარა.

„წლების წინ ჩემს შვილზე გავაფორმე ბინა, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა და სახლი რძლის სახელზეა. მომივარდებოდნენ და მეუბნებოდნენ, სახლიდან წადიო. გუშინაც ვიჯექით მე და ჩემი მეორე ბიჭი, საჭმელს ვჭამდით და კარებში შემოცვივდნენ, ყველგან მირტყამდნენ, თავი, ფეხები, მხარი - ყველაფერი მტკივა. ჩემს ბიჭს ოთახიდან გაჰყავდა. კარებთან შეშის ნაჭრები გვქონდა და ის ჩაარტყეს ჩემს შვილს, თავზე აქვს ჭრილობა. სახლში ყველაფერი დალეწილია, მაგიდა ამოაყირავეს“, - ამბობს 89 წლის ქალი.

ინციდენტის დროს, რძალმა პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებმა კი დაშავებული ქალის შვილი დააკავეს, რომელიც მოხუცის თქმით, რძლის ოთახიდან გაყვანას ცდილობდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის I პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს. (ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.)

უწყებაში გვიდასტურებენ, რომ მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა