თეგებით ძიება

გურიის ერთ-ერთი პატარა სოფლის დიდი ისტორია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არის ერთი ლამაზი, პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე სოფელი, აკეთი, რომლის თემის შედგება ოთხი სოფლისგან: ქვემო და ზემო აკეთი, ჭანჭათი და გაგური.

"ჩემი რეგიონის" ფარგლებში, TIA.GE სოფლის ერთ-ერთ უხუცეს წარმომადგენელს, 83 წლის, მედეა მორჩილაძეს ესაუბრა, რომელიც იხსენებს, თუ როგორი იყო თემი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და რა პრობლემების წინაშე დგას დღეს.

როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, ქვემო აკეთში სოფლის პირობაზე ბევრი ოჯახი იყო დასახლებული და სოფლის დღევანდელი სახელწოდებაც განსხვავდებოდა მაშინდელისგან:

„როგორც მახსოვს ქვემო აკეთში იყო 320 კომლი (ოჯახი) და სოფლის სახელწოდება იყო„ ქვემო აკეთის კოლ-მეურნეობა. სოფლის ცენტრში იყო ერთი პატარა ფიცრული სახლი, სადაც იყვნენ კოლმეურნეობის: თავმჯდომარე, ბუღალტერი, ეკონომისტი და აგრონომი. კოლ-მეურნეობა იყოფოდა ბრიგადებად და თითოეულ ბრიგადას ჰყავდა თითო ბრიგადირი“, - აღნიშნავს მედეა მორჩილაძე.

მოსახლეობის საარსებო წყაროს წარმოადგენდა ჩაი და ციტრუსი, ორივე მათგანი კი სეზონური იყო.

„ჩაის ვკრეფდით მაისიდან სექტემბრის ჩათვლით და ჩვენს ნამუშევარს ამოწმებდა აგრონომი, კეთდებოდა დღიურები, რომელიც ეძლეოდა სოფლის ხელმძღვანელობას და ამის მიხედვით გვაძლევდნენ შესაბამის თანხას“.

სოფელში განვითარებული ყოფილა ე.წ „საკრამიტე ყაზარმა“, სადაც მოსახლეობის ნაწილი აკეთებდა კერამიკულ ნივთებს: დოქებს, ქვევრებს და კრამიტს, რომელიც მზადდებოდა სპეციალური წესით და მის მოსამზადებლად საჭირო მიწას აკეთშივე მოიპოვებდნენ.

- ქალბატონო მედეა, სად და როგორ ყიდულობდა სოფლის მოსახლეობა მისთვის საჭირო პროდუქტს?

- მეზობელ სოფელში, ნაგომარში, კვირაობით იყო ბაზრობა. იმისთვის, რომ საყიდლებზე წავსულიყავით, უნდა გაგვევლო მდინარე სუფსაზე გაბმული სახიფათო ხიდი ან ნავით უნდა გადავსულიყავით მეორე ნაპირზე. ხშირად წყალდიდობების დროს ნავი ამოყირავებულა და ყოფილა მსხვერპლი, ისევე, როგორც „გამბულა“ ხიდის საფეხურების ჩატეხვის დროს. ეს „გამბულა“ ხიდი ადგილობრივი ბიზნესმენის, აკაკი ჩხაიძის დაფინანსებით თავიდან აშენდა და დღემდე ფუნქციონირებს. სხვათა შორის სწორედ ამ ხიდზეა გადაღებული ყველასთვის ცნობილი ქართული ფილმის „ჭრიჭინას“ ერთ-ერთი ეპიზოდი.

- რომელ ღირშესანიშნავ ადგილებს გამოყოფდით აკეთის თემში, რომელიც დღემდე შემორჩა?

- თემის ღირშესანიშნავი ადგილებიდან, აღვნიშნავდი აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესიას, რომელიც ნანგრევებად იყო ქცეული, დღეს კი ჩემდა გასახარად იგი რესტავრირებულია და აღევლინება წირვა-ლოცვა. ასევე მინდა გამოვყო ზემო აკეთში არსებული უძველესი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო დანგრეული და სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა მისი აღდგენა. ჩემს გულისტკივილს იწვევს ის ფაქტიც, რომ აკეთში იყო ჩაის გადამამუშავებელი ქარხანა და დღეს-დღეისობით მისგან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

- მე რამდენადაც ვიცი, მეორე მსოფლიო ომი თქვენ და თქვენს სოფელს მძიმედ შეეხო. რას გვეტყვით ამ პერიოდთან დაკავშირებით?

- ეს პერიოდი იყო: შიმშილის, სიღატაკის და ბევრი ცრემლის პერიოდი. მარტო ჩვენი სოფლიდან ომში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ამ ადამიანთა ფოტოსურათები შემონახულია სტენდის სახით ქვემო აკეთის ყოფილი კოლ-მეურნეობის შენობაში. ამ პერიოდში დიდი გაჭირვება იყო. მოსახლეობა ეწეოდა მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას. კიდევ მახსოვს, რომ ამ პერიოდში იყო ფეხსაცმელების დეფიციტი და ჩვენს თემში დეიდაჩემი, ბებიაჩემი და დედაჩემი ხის მორესბისგან ამზადებდნენ ხის ძირიან „ქოშებს“, რაც დიდ ენერგიას მოითხოვდა და მისი გაკეთება საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო.

მედეა მორჩილაძეს ვთხოვეთ შეედარებინა ერთმანეთისთვის თუ, როგორი იყო სოფელი ძველად და როგორია ახლა.

როგორც სოფლის უხუცესმა გვითხრა, ძველ დროს სოფელში ბევრი ახალგაზრდა იყო, მეტი იყო უფროსის პატივისცემა, მაგრამ იყო სიდუხჭირეც, ახლა კი გულისტკივილით ამბობს, რომ თემი დაიცალა ახალგაზრდებისგან, რადგან თემში მოუგვარებელ პრობლემად რჩება: გზა, წყალი და განათება.

ის ისურვებდა, რომ სოფელში სიცოცხლე ჩქეფდეს და აღარ იყოს ამდენი დაკეტილი სახლი.

ამ ერთ პატარა თემს დიდი ისტორია აქვს და ყველაფრის ერთი სტატიით გადმოცემა შეუძლებელია...

გურიის ერთ-ერთი პატარა სოფლის დიდი ისტორია



სტატია მოამზადა: გიორგი მორჩილაძემ


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა