თეგებით ძიება

COVID-19 ის პანდემიამ სოფელი ჩარგალი დემოგრაფიული კატასტროფისგან იხსნა

COVID- 19 ის პანდემიამ საქართველოს მოსახლეობა მრავალი გამოწვევისა თუ პრობლემის წინაშე დააყენა, პანდემიისას მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა სამსახური და შესაბამისად, საარსებო მინიმუმი დაკარგა, რამაც საგრძნობლად გაართულა დიდ ქალაქებში ცხოვრება, თუმცა, ხომ გაგიგიათ მონეტას ორი მხარე აქვსო? სწორედ ასე აღმოჩნდა ამ შემთხვევაშიც. საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენილმა მოსახლეობამ მშობლიურ მიწა-წყალს მიაშურა, ადამიანები მთას, სოფელს, დაუბრუნდნენ და თავიდან დაიწყეს ცხოვრება, დღეს გიამბობთ, თუ როგორ გადაურჩა დემოგრაფიულ კატასტროფას ჩარგალი, ვაჟა- ფშაველას მშობლიური და საუცხოო სილამაზით გამორჩეული სოფელი მცხეთა-მთიანეთში.

Tia.ge-ს რესპოდენტი სოფელი ჩარგლის მკვიდრი ზურა გარსევანაშვილია, როგორც ინტერვიუდან ირკვევა წლების წინ სოფელი ჩარგალი დაცარიელების პირას იყო, მკვიდრი მოსახლეობა ნელნელა ტოვებდა სოფელს და ბარში გადადიოდა საცხოვრებლად, რადგან აქ, მთაში, ცხოვრება და თავის შენახვა ურთულდებოდათ, შესაბამისად, რამდენიმე წლის განმავლობაში სოფელი ჩარგალი დემოგრაფიული კატასტროფის წინაზე იდგა, თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პანდემიამ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. რესპოდენტი გვიყვება, რომ ამ ეტაპზე ხედავს თუ როგორ უბრუნდებიან ახალგაზრდა ოჯახები სოფელსა და მთას, იგი გვეუბნება, რომ აქ, თუ კაცი ზარმაცი არ არის, არ გაუჭირდება, განსხვავებით ქალაქისგან, სადაც ადამიანი მარტივად „იკარგება“.



COVID-19 ის პანდემიამ სოფელი ჩარგალი დემოგრაფიული კატასტროფისგან იხსნა


- დღეს, ძირითადად რითი ირჩენს მთის მოსახლეობა თავს?

- ჩემი აზრით, ქალაქში ცხოვრებას აქ ცხოვრება სჯობს და ამას ხალხი ნელნელა ხვდება, აი მაგალითად, ცოტა ხნის წინ ერთი ახალგაზრდა ოჯახი ამოვიდა სოფელში საცხოვრებლად, იყიდეს საქონელი, ახლა უკვე ფუტკარიც ჰყავთ და პატარა საოჯახო მეურნეობა წამოიწყეს, ესაა მათი შემოსავალი. ასევე მოსახლეობის ნაწილს ზაფხულში ტურისტებსა და დამსვენებლებზე სახლები აქვთ გაქირავებული, ზოგი მუზეუმში მუშაობს. აქ თუ არ იზარმაცებ, თავს შეინახავ.

- ძირითადად რა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ ახლად დასახლებულ ოჯახებს ჩარგალში?

- წყალი აქ პრობლემა არაა, ტრანსპორტიც დადის, გზაც მთლიანად შეიცვალა და მეტად უსაფრთხოა, ერთადერთი პრობლემაა სასურსათო მაღაზიები, რომლებიც ჩარგალში საერთოდ არაა, მოსახლეობას უწევს მეზობელ სოფელში, მაღაროსკარში წასვლა და პროდუქტის მომარაგება, მაღაროსკარშიც ძირითადად მხოლოდ პატარა ჯიხურებია.

- არის თუ არა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების პრობლემა დღეს ჩარგალში?

- სოფელში ბავშვებს საბაზისო სკოლა აქვთ, თუმცა, შედარებით მაღალ კლასებში უწევთ მაღაროსკარის, მეზობელი სოფელის, სკოლაში სიარული, თუმცა, არც ესაა პრობლემა, რადგან ბავშვებს სკოლის მიკროავტობუსი ემსახურებათ, შესაბამისად, უსაფრთხოდ და უპრობლემოდ შეიძლება მიიღოს მოსწავლემ განათლება ჩვენს სოფელში.

- როგორ ფიქრობთ, იმოქმედა თუ არა პანდემიამ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე?

- ადრე თუ ათი ადამიანი ამუშავებდა მიწას, ახლა ყველა მიწაზე მუშაობს, მათ შორის ისინიც, ვინც მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობდა ჩარგალს, ყველა მიწის დამუშავებასა და საოჯახო მეურნეობაზე გადავიდა, რაც მათთვისაც კარგია და სოფლისთვისაც. შესაბამისად, ვთვლი, რომ პანდემიის პირობებში ადამიანებმა სოფელი და მიწა მეტად დააფასეს, მომავალში კიდევ ველოდებით სოფელში ხალხის მატებას, რაც მკვიდრ მოსახლეობას ძალიან გვახარებს და მოტივაციით გვავსებს.


ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა