თეგებით ძიება

ჭიათურელი მხატვრის მარიამ ჟღენტის ისტორია

მხატვრობა მარიამ ჟღენტის ბავშვობის გატაცება იყო და 2 წელი სამხატვრო აკადემიაშიც სწავლობდა, თუმცა, როგორც ის TIA.GE-თან ინტერვიუში ამბობს, ბავშვობის ოცნება გარკვეული დროით მიივიწყა და სხვა საქმით დაკავდა.

პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა, რომ ხატვა გაეგრძელებინა. მისი თქმით, ბავშვობის, თითქმის ყველა ნახატი გააჩუქა. ახალგაზრდა მხატვარი ამჟამად ძირითადად პერანგებზე ხატავს.

ჭიათურელი მხატვრის მარიამ ჟღენტის ისტორია




- ამბობენ, რომ ხელოვნება იქ საუბრობს სადაც სიტყვები უძლურიაო...

-დიახ! ზოგჯერ შესაძლოა ნახატით ის გადმოსცე რასაც სიტყვებით ვერ აღწერ.

- როდის გახდა ხატვა თქვენი შემოქმედების წყარო?

-არც ისე დიდი ხნის წინ ვიფიქრე, რომ შესაძლებელი იყო ჩემი იდეების ტილოზე გადმოცემა, რაც ახლა შემოსავლის წყაროც კი გახდა.

- არის თუ არა ნახატები გრძნობების გადმოცემის საუკეთესო საშუალება?

-ეს ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა გადმოსცე ის, რასაც შინაგანად გრძნობ.

- ფიქრობთ თუ არა, რომ შემდგარი მხატვარი ხართ და არის თუ არა ეს თქვენთვის მოტივაცია?

-ჯერ-ჯერობით ასე არ ვფიქრობ, რადგანაც კიდევ ბევრი მაქვს გასავლელი, ამიტომაც ამ კუთხით საკუთარი თავის შეფასება რთულია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, თუ საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს ვერაფერს შეძლებ ადამიანი.

-ხშირ შემთხვევაში რა არის თქვენი ისნპირაციის წყარო?

-უმეტეს შემთხვევაში ადამიანებს, ბუნებას და პატარა ნივთებსაც კი შესაძლოა შემოქმედებითი თვალით შეხედო.

- “ხელოვნებაა თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწვევა სიკვდილი...“ რამდენად ეთანხმებით კონსტანტინე გამსახურდიას ამ სიტყვებს?

-ალბათ, ამაზე კიდევ დავფიქრდები...

- რამ ითამაშა ყველაზე დიდი როლი თქვენს კარიერაში?

-გარემომ, ჩემს ირგვლივ ბევრი ხატავს, ყველაზე დიდი წვლილი კი ჩემს მასწავლებელს მიუძღვის, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ ხატვა შემაყვარა.

-როგორ ფიქრობთ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა გაიცნოს თქვენი ნამუშევრები?


-ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ სფეროს მეტ წარმომადგენელთან ურთიერთობა და ფართო მასშტაბებზე მოგზაურობა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ ამ სფეროში?

-ამჟამად, ამ სფეროში არც თუ ისე დიდი პოტენციალი მაქვს, თუმცა დიდი სიამოვნებით მივიღებდი სხვადასხვა შემოთავაზებებს, რადგანაც ეს საქმიანობა მეტ ადამიანს შევაყვარო და დარგის განვითარებაშიც გარკვეული როლი ვითამაშო.

სტატიის ავტორი: მირანდა ჩინჩალაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა