მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტს არ უთქვამს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამნისტიის კანონპროექტზე
"პრეზიდენტის კითხვები დიდწილად, ამნისტიის კანონპროექტის სამართლებრივ არგუმენტებს შეეხებოდა", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა,
„მგონია, რომ მე და მიხეილ სარჯველაძემ დავარწმუნეთ პრეზიდენტი, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასევე ჩვენი კანონმდებლობით, რომ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ კონსტიტუციური პრობლემა არ აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, პირველ შემთხვევაში პოლიციის, მძიმე შეურაცხყოფასთან გვაქვს საქმე. „არ მაქვს აქციებზე საუბარი, ჩვეულებრივ ყოველდღიურ ყოფით სიტუაციაში გვხვდება პოლიციის შეურაცხყოფის შემთხვევების 99%-ი. მსგავს ფაქტები ხდება რეგიონებშიც. ასეთი ფაქტები, კონკრეტულად მეორე და მესამე შემთხვევა უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს, უნდა ხდებოდეს სანქცირება და ადმინისტრირება. ეს ლოგიკურია და ამ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი გამართულია“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ხვდება.
ამასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, პროგნოზი არ აქვს. „წინასწარი დასკვნის გამოტანის საშუალება არ გვაქვს. პრეზიდენტს არ ჰქონია მინიშნება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მაგრამ ჩვენ ვიმსჯელებთ სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. თუ ვეტო იქნება, ამ შემთხვევაში ვიმსჯელებთ დასაძლევია თუ არა ვეტო. თუ არ იქნება ვეტო, ამას მივესალმებით, რადგან აბსოლუტურად გამართულ კანონმდებლობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მდინარაძემ.