როგორც ჩანს, სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება - მდინარაძე
ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, სპეცოპერაცია ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ წარმატებით სრულდება.
"თქვენ, ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ თავის დროზე, არ ვიცი რა დავარქვა, თუ არა ბაქიბუქი მისი მხრიდან, რომ არ გადაიხდიდა გირაოს, არ დათანხმდებოდა გირაოს და უამრავჯერ შეცვალა მათ შორის ეს პოზიცია და თუ მან ახლა შეცვალა მორიგ ჯერზე ეს პოზიცია, რომ მიიღებს გირაოს და გირაოს პირობებს დათანხმდება, ეს ძალიან კარგია. უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, რადგან მის ნებას დაჰყვა. ნაციონალური მოძრაობის რეალური თავმჯდომარის სურვილებსა და გეგმებში ჩაჯდა და ახლა უკვე ცდილობს რამენაირად თავი დაიძვრინოს იმ თავისი არასწორი პოზიციებიდან, რაც თავის დროზე დააფიქსირა და უამრავჯერ შეცვალა მათ შორის თავად ეს პოზიციებიც. აქედან გამომდინარე, კი ბატონო, ძალიან კარგია, როგორც ჩანს, სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება", - განაცხადა მდინარაძემ.