ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ოპოზიციამ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება ამ საკითხზე ერთი კვირის წინ სთხოვა.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყო“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მხარეთა შეხვედრის მთავარი თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იყო.
მანამდე პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ წევრების რამდენიმე წარმომადგენელი შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც.
მოგვიანებით, შეხვედრას შეუერთდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე ოპოზიციასთან იმსჯელა.