„ნებისმიერ წამს შეგიძლია, ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს“ - გიგა ბოკერია
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს არ გამოყენებას ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, ის, რაც საზოგადოებამ იხილა პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, საოცარი უტიფრობის დემონსტრირებაა.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას არ სჭირდება არანაირი სამართლებრივი საფუძველი, ხოლო პრეზიდენტის არგუმენტები აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი იყო.
„რაც ახლა ვიხილეთ, როგორც შინაარსით, ისე ფორმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, არის დემონსტრირება საოცარი შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის უტიფრობის. ივანიშვილის რეჟიმის, მთლიანად მისი გარემოცვის, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილისგანაც.
რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვის და მერე ამ აბსურდული ვითომ არგუმენტის, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო. ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუ თუნდაც იმ მოტივით, რომ პოლიტიკური კონსულტაცია არ იყო და განხილვა არ იყო რომ ამის გამო საკამათო რაღაც მუხლები, ნებისმიერ წამს შეგიძლია ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს,” - განაცხადა გიგა ბოკერიამ
ინფორმაციისთვის, გასულ კვირას პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან“ დაკავშირებით ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტი მიიღო.
პირველი კანონპროექტით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
გარდა ამისა, პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღო, რაც ცალკე კანონპროექტის სახით იყო წარდგენილი.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.
ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით