თეგებით ძიება

თვითნებურად გაძვირებული და მგზავრებით გადატვირთული ტრანსპორტი ჩაქვში

პანდემიის პირველ ეტაპზე, ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადების შესაბამისად, ქვეყანის ჩაკეტვასთან ერთად, თავისთავად მუნიციპალური, თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც შეწყდა.

მგზავრობის შეზღუდვების მოხსნისთანავე, ტრანსპორტის გამოჩენამ ერთგვარი იმედი და ნუგეში მისცა დაბნეულ მოსახლეობას, თუმცა, მიკრო ავტობუსით მგზავრობის ღირებულება ჩაქვი-ბათუმის მონაკვეთზე 0.80 ლარის მაგივრად 1.00 ლარამდე გაიზარდა, რაც სამსახურების გარეშე დარჩენილი, საარსებო მინიმუმშემცირებული ხალხისათვის, მარტივი გასათავისებელი არ იყო.

მიუხედავად ამ ცვლილებისა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო და 0,20 ლარით გაძვირებული მგზავრობა, მათი ჯანმრთელობის გაუარესების რისკის შემცირებისთვის გადახდილი თანხა იყო.

რეგულაციების შედეგად დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, აუცილებელი იყო სოციალური დისტანციის კონტროლი, რაც მიკროავტობუსით მგზავრობის შემთხვევაში ითვალისწინებდა არა თუ გადაჭედილ ტრანსპორტს, არამედ მგზავრთა ფეხზე დგომის მკაცრად აკრძალვას.

პირველ ეტაპზე, სახელმწიფოსგან შეძლებისდაგვარად კონტროლირდებოდა აღნიშნული საკითხი, მაგრამ ძალიან მალე შეიცვალა მდგომარეობა.

ფასის ზრდის პარალელურად, მგზავრებს უნდა ჰქონოდათ საშუალება უსაფრთხოდ, შეძლებისდაგვარად დისტანციის დაცვით ემგზავრათ, მაგრამ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, სამწუხაროდ, ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვაზე ფიქრს მტვერი მალევე მიეყარა და ხელში მხოლოდ გაძვირებული მგზავრობა შერჩათ!

დღეს ქვეყანა პანდემიის ე.წ. მესამე ტალღის წინაშე დგას, რამაც კვლავ შექმნა რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობა და ეს ცვლილებები თავისთავად შეეხო ადამიანთა გადაადგილების საკითხსაც.

გარკვეული პერიოდის მანძილზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, აიკრძალა მუნიციპალური ტრანსპორტი, თუმცა დაშვებულია საქალაქთაშორისო მგზავრობა.

სამუშაო ადგილების სიმცირე თუ პრაქტიკულად არარსებობა აიძულებს ამ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებთ სამუშაოდ ძირითადად ბათუმისკენ აიღონ გეზი...

და დღეს, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში, ჩაქვი-ბათუმის მიკროავტობუსები კვლავ „გადაჭედილია“.

როგორც TIA.GE-ს უკმაყოფილო მოსახლეობამ მოაწოდა ინფორმაცია, ტრანსპორტში არსებულ მდგომარეობას არ აკონტროლებენ და მგზავრობის დროს, სოციალური დისტანციის დაცვა კი არა, ხშირად იმდენი ხალხია, "ნამსის ჩასავარდნი"ადგილიც კი არ არის.

"პრობლემა მხოლოდ სახელმწიფოს არ ეკისრება, ამ შემთხვევაში თითოეული ადამიანი უნდა გრძნობდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობას! დავრეკე 112-ზე, შექმნილი ვითარება შევატყობინე, დამპირდნენ კიდეც, რომ შეისწავლიდნენ საკითხს და ექნებოდათ მყისიერი რეაგირება, დაიწყებდნენ სიტუაციის კონტროლს, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა, პრობლემა კი, პრობლემად. სიტუაცია ისევ უკონტროლოა, ყოველდღიურად მგზავრები ჩაქვი-ბათუმის სამარშრუტო ხაზზე გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან. რაც მეტად ზრდის დაინფიცირების საფრთხეს.
", - ყვება TIA.GE-თან მგზავრი, რომელმაც ანონიმად დარჩება ამჯობინა.

როგორც TIA.GE-მ გაარკვია, მგზავრთა უკმაყოფილებას ის ფაქტიც იწვევს, რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილის გადაადგილების ერთადერთ საშუალებას ე.წ. „40 ნომერი“ მიკრო ავტობუსი წარმოადგენს.

გაძვირდა მგზავრობა ჩაქვი-ჩაისუბნის ხაზზეც და დაწესებული 1.00 ლარის ნაცვლად, აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის ღირებულება 1 ლარსა და 30 თეთრს შეადგენს.

რაც TIA.GE-ს ინფორმაციით, მძღოლების გადაწყვეტილებით „თვითნებურად“ გაზრდილი ფასია.

სტატიის ავტორი: გურანდა ქათამაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა