თეგებით ძიება

„დამავიწყდა ადამიანი რა ფერია შვილო“ - მთაში დარჩენილი ერთადერთი მოხუცის დარდი

მცხეთა-მთიანეთის მხარეში, კერძოდ კი მდინარე ხორხის ხეობაში, ოდესღაც ადამიანთა ჟრიამულს გაიგებდით, დღეს კი... მიმდებარე სოფლების უმეტესობა ნასოფლარად ქცეულია, სიჩუმეს კი მხოლოდ ნადირის ხმა არღვევს. ხეობაში ერთ-ერთი სოფელი ბზიკურთკარია, რომელიც ზღვის დონიდან 1080 მეტრზე მდებარეობს. ამ სოფელში დღეს მხოლოდ ერთადერთ სახლში შენიშნავთ შუქს, ამ სახლში ელო ბებო ცხოვრობს... სოფელი ბზიკურთკარის უკანასკნელი მკვიდრი.

„დამავიწყდა ადამიანი რა ფერია შვილო“ - მთაში დარჩენილი ერთადერთი მოხუცის დარდი


მოხუცს თვალები მუდამ ნაღვლიანი აქვს, წელში მოხრილი, ჯოხით, ეზოში დგას და გზას გაჰყურებს... ნატრობს, ვინმე დამლაპარაკებელი და დარდის გამზიარებელი გამოუჩნდეს. დიახ, ეს ელო ქისტაურია, ბზიკურთკარის უკანასკნელი მკვიდრი და უხუცესი, რომელიც ამ სოფელს, ნასოფლარად გადაქცევას არ ანებებს. ელო ბებო უკვე 12 წელია დაცარიელებულ სოფელში მარტო ცხოვრობს.

ელო ქისტაურს 29 წლის ვაჟიშვილი და მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს. ორი შვილი კი ბარში ცხოვრობს. შვილები დედას სანახავად ხშირად ამოდიან. ემუდარებიან თან გაყოლას, მაგრამ არ ნებდება მოხუცი, არ ემეტება სახლი დასაცარიელებლად. ფიქრობს, მთებისა და საკუთარი კარ-მიდამოს გარეშე ვერ იცოცხლებს.

ხორხის ხეობაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ელო ბებოს სახლი საცხოვრებლად საშიშია. ერთ ოთახში კედელი ნახევრად ჩამონგრეულია და ნებისმიერ დროს შეიძლება მთლიანად ჩამოიშალოს. სახურავს კი მხოლოდ ხის ბოძები აკავებს. მოხუცისთვის აქ ცხოვრება ძალიან სახიფათოა, რის გამოც მან დახმარება გამგეობაში ბევრჯერ ითხოვა, თუმცა, მოხუცის დამხმარე არ გამოჩენილა.



რვა და-ძმანი ყოფილან. დღეს კი მხოლოდ ელო ბებო შემორჩა მდინარე ხორხის ხეობას. ახალგაზრდობაში მიზნები ჰქონდა, სოფელში დარჩენას არ აპირებდა. ქალაქში განათლების მიღება და უკეთესი ცხოვრების სურვილი ამოძრავებდა, თუმცა, მიზანი მიზნად დარჩა. ძმებს ემდურის... ფიქრობს, რომ მოენდომებინათ მისი ბარში წაყვანა და რაიმე საქმის მიცემა, დღეს ასეთ ტანჯვაში არ იცხოვრებდა.

ბზიკურთკარის დაცარიელებამდე მოსახლეობა სოფლის მეურნეობას აქტიურად მისდევდა. აქ ხალხი ერთმანეთსაც ებრძოდა მიწისთვის, რომელიც დღეს აღარავის უნდა... დრო გავიდა... მოხუცებულები მიწას მიებარნენ, ახალგაზრდებს კი ცხოვრების პირობების არ ქონის გამო მოუწიათ სახლების დატოვება...

ელო ბებო ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის დღეებში თუ მოჰკრავს თვალს, როდესაც შვილები და შვილიშვილები წინაპრების საფლავებზე ამოდიან. სხვა დღეებში გზა ცარიელია... თვალცრემლიანი ამბობს, „დამავიწყდა ადამიანი რა ფერია შვილო“.

დიდი იყო შიში და მწუხარება, როდესაც გაიგო, რომ სოფელში მარტო რჩებოდა... დაღამებისას თვალი ვეღარ მოჰკრა სახლებში ანთებულ ლამფებს და მიხვდა, რომ სოფელში სრულიად მარტო დარჩა. ასე გავიდა 12 წელი, მარტოობასა და სიჩუმეში. მეზობლად მდებარე სახლები, რომელშიც ოდესღაც ახლობელი ადამიანები ცხოვრობდნენ დრომ წალეკა. დღეს, მხოლოდ ნასახლარებს თუ მოჰკრავთ თვალს.

რამ გააძლებინა? პასუხი თავადაც არ იცის. ბოლო წლებია, რაც ტელევიზორი და ელექტრო ენერგია აქვს, ამან ცოტა შეუმსუბუქა მარტოობის განცდა, თუმცა, მაინც ყოველთვის ადამიანის ხმის გაგებას ნატრობს. ყველაფრის მიუხედავად, ვერ იმეტებს სახლს. ვერ იმეტებს სოფლის ნასოფლარად ქცევას და დგას... ისევ ეზოში, ისევ ცრემლიანი თვალებით და გაჰყურებს თვალუწვდენელ მთებსა და ბილიკებს. იქნებ დღეს მაინც გამოჩნდეს ვინმე, ადამიანი...

ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა