რა ვიცით თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების შესახებ?
თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები ბაზარზე ათწლეულების წინ გამოჩნდა. მათზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად იზრდება მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნაც. თუმცა მზარდი ინტერესი ჯანდაცვის ექსპერტებსა და მეცნიერებში ალტერნატიული მოწყობილობის მოხმარების შესახებ დებატებს იწვევს.
ელექტრონული მოწყობილობები მიზნად ისახავს შეამციროს თამბაქოს მოხმარების შედეგად მწეველის ორგანიზმზე განხორციელებული ზიანი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროდუქტი არ არის სრულიად უსაფრთხო და არ წარმოადგენს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებას. ალტერნატიული მოწყობილობები შეიცავენ ნიკოტინს, რაც იწვევს დამოკიდებულებას.
“ელექტრონული მოწყობილობები შედარებით ახალ პროდუქტს წარმოადგენს, რომლის შესახებ დღეს უკვე მრავალი კლინიკური თუ
სამეცნიერო კვლევა არსებობს. ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, გავმართოთ გაცილებით ინფორმირებული დისკუსია და მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ”, - განაცხადა ედინბურგის უნივერსიტეტის საყოველთაო ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა ლინდა ბაულდმა (Linda Bauld).
ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, მოწყობილობების პოტენციური უპირატესობების შესახებ არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია ამ პროდუქტების გრძელვადიანი მოხმარების შედეგად ორგანიზმზე განხორციელებული ზეგავლენის შესახებ. არსებობს რამდენიმე ძირეული კითხვა, რომლებზე პასუხის გაცემა დღეს ნაწილობრივ შესაძლებელია:
უსაფრთხოა თუ არა თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები?
დიდ ბრიტანეთში ყოველთვიურად ამ კითხვას Google-ის მეშვეობით 12 000 ადამიანი ეძებს. მიზეზი მარტივია, მომხმარებლებს არ აქვთ სანდრო და ოფიციალური ინფორმაცია მოწყობილობების მოხმარებისა და მოხმარების შედეგების შესახებ, რადგან საზოგადოებასა და მედიაში განსხვავებული და კონტროვერსული ინფორმაცია არსებობს.
მაგალითად, 2019 წელს აშშ-ში მწეველთა შორის სასუნთქი გზების დაავადებების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 70 კი ფატალური შედეგით დასრულდა. ამ შემთხვევებს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებას უკავშირებდნენ. თუმცა ეს დასკვნები არ ითვალისწინებდა იმას, რომ მომხმარებლები არალეგალურ ელექტრონულ სიგარეტებს მოიხმარდნენ.
მიუხედავად ამისა, Royal College of Physician-ის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევებით მტკიცდება, რომ ელექტრონული მოწყობილობები ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით უსაფრთხოა.
თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობების მომხმარებელთა ორგანიზმში ქიმიურ ნივთიერებათა ისეთივე დონე დაფიქსირდა, როგორიც ნიკოტინის ჩამნაცვლებელი თერაპიის პაციენტების ორგანიზმში.
“ელექტრონული მოწყობილობების მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი მწეველი ან ყოფილი მწეველია. შესაბამისად, მათთვის ალტერნატიული პროდუქტების მოხმარება ზიანის შემცირების კარგი საშუალებაა, რომელიც არ არის სრულიად უსაფრთხო. უსაფრთხოების შესახებ პასუხებისა და მტკიცებულებების მოძიებას მრავალი წელი შეიძლება დასჭირდეს”, - ამბობს ბაულდი.
ხელს უწყობს თუ არა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება მოწევისთვის თავის დანებებას?
მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული დაკვირვებები მოწმობს, რომ ელექტრონული სიგარეტების მოხმარებაზე გადასვლა ხელს უწყობს მწეველებს, თავი დაანებონ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას. მაგალითად, 2015 წელს დიდ ბრიტანეთში 18 000-მა ადამიანმა დაანება თავი მოწევას.
კვლევების თანახმად, ელექტრონული მოწყობილობების მოხმარება ხელს უწყობს ტრადიციული მოწევისთვის თავის დანებებას.
უბიძგებს თუ არა ელექტრონული მოწყობილობები ადამიანებს სიგარეტის მოხმარების დაწყებისკენ?
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტრონული სიგარეტების ბაზარზე გამოჩენა არ ახდენს ზეგავლენას ახალგაზრდებს შორის ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარების დაწყებაზე.
შესაძლებელია თუ არა ტრადიციული და ელექტროსიგარეტების ერთად მოხმარება?
“არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ სიგარეტებისა და ელექტრონული მოწყობილობების პარალელური მოხმარება, მოწევასთან შედარებით, დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს. თუმცა ნათელია, რომ ზიანის შემცირების პროცესში უმჯობესია, მწეველები სრულად გადავიდნენ მოწყობილობების მოხმარებაზე” - განაცხადა ბაულდმა.
2020 წელს დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევითი ორგანიზაციისა და აშშ-ის ნაციონალური კიბოს ცენტრის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა პლატფორმა, რომელიც მსოფლიო დონის სამეცნიერო ჯგუფებს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარების შედეგების კვლევას შეუწყობს ხელს.
“გრძელვადიანი კვლევები შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ საკმარისი ინფორმაცია მოწყობილობის გრძელვადიანი მოხმარების, მისი შესაძლო ზიანის, ტრადიციული მოწევისთვის თავის დანებების პროცესში პოტენციური სარგებლისა და მოხმარების პატერნების შესახებ”, - განაცხადა ბაულდმა.
გრძელვადიანი კვლევები შესაძლებლობას მისცემს მთავრობებსა და ჯანდაცვის ინსტიტუტებს, შეიმუშაონ შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს თამბაქოს ზიანის შემცირებას და შესაძლებლობას მისცემს ზრდასრულ მომხმარებლებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და გადავიდნენ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე.