შესვლა - არ შესვლა - "ნაციონალური მოძრაობა" საკითხს კენჭისყრით გადაწყვეტს
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, უახლოეს ორ დღეში, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება და რადგან საკითხის ირგვლივ განსხვავებული პოზიცია არსებობს, კენჭისყრით გადაწყდება, შევა თუ არა პარტია საკანონმდებლო ორგანოში.
„პოლიტსაბჭომ, როგორც მთავარმა სათათბირო ორგანომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებმა პოლიტიკურმა ბადემ უნდა მიიღოს გადაწყვტილება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება იქნება კვირას, რადგან კენჭისყრაზე უნდა დადგეს ეს საკითხი. გადაწყვეტილება ვერ იქნება, ვიდრე საკითხი კენჭისყრაზე არ დადგება“, - აცხადებს პარტიის წევრი ხატია დეკანოიძე.
19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ელოდებიან, რომ მეათე მოწვევის პარლამენტს ბარიერგადალახული ყველა პარტია შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია უკვე პარლამენტშია, ნაწილი მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელშია და შეხვედრებს მართავს.