თეგებით ძიება

2024 წელს ქართული ღვინო მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყო წარდგენილი

ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 24 საერთაშორისო გამოფენაზე, 13 ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, სადაც ჯამურად ქართული ღვინის 200-მდე კომპანია მონაწილეობდა. 

ქართული ღვინის წარდგენები გაიმართა მსოფლიოს 20 ქვეყანაში: აშშ, პორტუგალია, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია, თურქეთი და ლატვია.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.

2024 წელს, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართა საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა  და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის ზრდისთვის. ქართული ღვინო საქართველოში, წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა/ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა 16 ღვინის ტური, ასევე გაიმართა კონკურსები და სიმპოზიუმი.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო  პროგრამა, რომლის მიზანია ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა, 2024 წელს 16 მილიონ ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ოპერატიული მონაცემებით, გასულ წელს, ქართული ღვინის ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 95 მლნ ლიტრს მიაღწია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა