გურული ვერძის, იმერელი ტყუპის და მეგრელი მშვილდოსნის ამბავი - რა კავშირშია ზოდიაქოს ნიშნები საქართველოს რეგიონებთან?
ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნიკალური სახასიათო შტრიხებით გამოირჩევა. ვერძი - სიფიცხით, კურო - სიდინჯით. სასწორი - დიპლომატიურობით, მორიელი - შურისმაძიებლობით და ა.შ. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ მათგანს საქართველოს ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელი სახასიათო შტრიხები მივუსადაგოთ.
ვერძის ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე უკეთ გურულის ხასიათი გამოხატავს. ფიცხი, აქტიური, ნიჭიერი და თავქარიანი გურულები, ვერძივით ადვილად ფეთქებადი ტემპერამენტით არიან გამორჩეული. თუმცა, სიბრაზე მალე გადასდით და ყველაფერს იუმორის დიდი დოზით აბალანსებენ.
კუროს კი უდაოდ რაჭული ხასიათი შეესაბამება – დინჯი, სიმშვიდის მოყვარული და გაწონასწორებული კუროები, აფასებენ საკუთარ სახლს და ფუძეს. უყვართ ოჯახში ფუსფუსი და გემრიელი კერძების მზადება.
ტყუპის შესაშური ლაპარაკის უნარს და ქარივით ცვალებად განწყობას საუკეთესოდ ასახავს იმერული ხასიათი. იმერლებზე უკეთ ვის ეხერხება საკუთარი თავის წარმოჩენა შესაშური სამსახიობო ნიჭით და მანერულობით. ტყუპი, როგორც ვიცით, ორსახოვანი ნიშანია, ამიტომ იმერლებისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობა, ხშირად არაფერია თუ არა ნიღაბი სხვების წინაშე თავი მოიწონონ.
კირჩხიბის ზოდიაქოს ძალიან კარგად განასახიერებს აჭარა და მისი მკვიდრი მოსახლეობა. სწორედ კირჩხიბისთვის დამახასიათებელი პრინციპულობით შეინახა აჭარელმა ხალხმა თურქი დამპყრობლების ორასწლოვანი ბატონობის მანძილზე საკუთარი ფესვების, ტრადიციებისა და რწმენის სიყვარული – თანაც ქალის, დედის სახით... კირჩხიბი კი მოგეხსენებათ დედობის სიმბოლოა.
ლომის ზოდიაქოს ხევსურეთი შეესიტყვება, ამაყი დაუმორჩილებელი, პოეზიისა და მუსიკის მოყვარული ხალხი. მათთვის მკვეთრად გამოხატული ვაჟკაცური იმიჯი და უზომო სიმამაცეა დამახასიათებელი.
გარეგნული მონაცემებით, სიდინჯით და მკვეთრად დადგენილი ქცევის, ეთიკის ნორმებით ქალწულის ზოდიაქოს ყველაზე უკეთ მთიული კაცის ბუნება შეესაბამება. როგორც ვახუშტი ამბობს მთიულებს სახის ლამაზი მოყვანილობა, პროპორციული აღნაგობა და სასიამოვნო გარეგნობა გააჩნიათ, რაც სავსებით შეესიტყვება ქალწულის ზოდიაქოს ვიზუალურ აღწერას.
სასწორის ხასიათს კი ყველაზე კარგად ერგება ფშაველის ბუნება, მოგეხსენებათ სასწორი პარტნიორობის და რომანტიკის სიმბოლოა. სწორედ ფშაველების დამკვიდრებულია ფშავში ე.წ. "წაწლობის" ჩვეულება.
მორიელის შურისმაძიებელ ბუნებას საუკეთესოდ ასახავს სვანი კაცის ხასიათი. მორიელი ხომ არასოდეს პატიობს შეურაცხმოფელს, სვანივით გაუცინარი და პირქუშია. თუმცა თუ მიგიღო მისი სახით საუკეთესო მფარველი და მეგობარი გეყოლება. მთავარია, მტრად არ მოიკიდო იგი.
მშვილდოსნის ზოდიაქოს მეგრული მოქნილობა, გამჭრიახობა და ქუდბედიანობა შეესაბამება. იგი ყოველთვის და ყველგან ახერხებს "სიტყვის ჩაკვეხებას", როგორც წესი, მრვალმხრივ ნიჭიერია და ხშირად გამოსდის რთული სიტუაციიდან თავი უპრობლემოდ დაიძვრინოს.
თხის რქას სიჯიუტით, პრინციპულობითა და ერთგულების უნარით კახელები ჰგვანან. კახელის ხასიათში თხის რქის უკომპრომისობა, ტრადიციების სიყვარული და წინაპრების პატივისცემაა გამოხატული. ამასთან ერთად, კახელს ისევე როგორ ტიპურ თხის რქას არ უყვარს ზედმეტი ენის მოჩლექით საუბარი და "უწი-პუწი". იგი ყოველთვის ამბობს იმას რასაც ფიქრობს და აკეთებს იმას რასაც ამბობს.
მერწყულის ხასიათი კი ყველაზე მეტად ქართლელის ბუნებას შეესაბამება. მსგავსად მერწყულისა ქართლელის ხასიათიც ჰუმანურობითა და გაწონასწორებულობით გამოირჩევა, თუმცა იგი ყოველთვის ამჯობინებს მოიქცეს ისე, როგორც გული უკარნახებს და არა ისე, როგორ საქციელსაც მისგან საზოგადოება ელის. ამასთან ერთად, ყოველთვის ღიად და დაუფარავად აფიქსირებს საკუთარ შეხედულებას სხვაზე.
თევზების ბუნებას კი ძალიან კარგად ასახავს აფხაზი კაცის ხასიათი. თევზების მსგავსად მასაც მოსიყვარულე, თანამგრძნობი ბუნება გააჩნია, შეუძლია ბევრი დარდი და ცრემლი ატაროს გულით, თუმცა ხშირად ემორჩილება სხვების გავლენას, რაც ზოგჯერ სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის.
www.ambebi.ge