„მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ, თუ თქვენს გარშემო ყველა აცრილია“ - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ თუ ადამიანი არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით აცრილი, შეუძლია პირბადის გარეშე იაროს, თუ მის გარშემო ყველა ინექცირებულია.
როგორც პაატა იმნაძე აღნიშნავს, მეორე აცრის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური.
„ვაქცინებს საკმაოდ კარგი დამცველობითი უნარი აქვთ, ადამიანები შეიძლება ავად გახდნენ, მაგრამ ისინი დაცული იქნებიან კორონავირუსის მძიმე შედეგისაგან.
ადამიანს აქვს ორნაირი იმუნური სისტემა: ერთია ანტისხეულები და მეორე - უჯრედული იმუნიტეტი - მარტივად რომ ვთქვათ, უჯრედული იმუნიტეტი ეს არის იმუნური მეხსიერების უჯრედები, რომლებიც იმახსოვრებენ რომელ ანტიგენთან ჰქონდა მას საქმე და რჩება ამ უჯრედებში, ხოლო თუ მეორეჯერ მოხვდება ეს ანტიგენი უჯრედებში ამუშავდება იმუნიტეტის მექანიზმები.
ასე რომ ისინი, ვისაც არ აქვს ანტისხეულები შეიძლება იყვნენ მშვიდად, რადგან ადამიანების უჯრედულ იმუნიტეტში ეს მეხსიერებაში ინახება და მეორეჯერ მოხვედრის შემთხვევაში ორგანიზმი იწყებს ბრძოლას სხვა მექანიზმებით, ვიდრე ანტისხეულების შემთხვევაშია.
მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია, თქვენ უკვე შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ მათ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მათთან ერთად იყოთ ერთ სუფრასთან. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.