ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, მესამე ტალღის პიკი გადავლილია - გამყრელიძე
დაავადებათა კონტრლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის პიკმა გადაიარა და ეპიდვითარება ქვეყანაში გაუმჯობესებისკენ მიდის. ამის მიუხედავად, სიტუაციის შენარჩუნებისთვის, გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, რომ რეგულაციები, რომელიც ქვეყანამ შეიმუშავა, მაქსიმალურად დაიცვან:
"ზოგადად, რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია და დღეს ჩვენ ქვეყანაში ეპიდსიტუაციას ტენდენცია გაუმჯობესებისკენ აქვს, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მით უმეტეს, რომ 1-ლი ივნისიდან მთელ რიგი შეზღუდვები მოიხსნა. ქვეყენაში გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან და სხვადასხვა მოშორებული ქვეყნებიდან. აუცილებელია, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ქვეყანამ შეიმუშავა, მკაცრად იქნეს დაცული" - აღნიშნა გამყრელიძემ.