სასაფლაოსთან კომაში მყოფი 3 ახალგაზრდა იპოვეს - მათ დაუდგენელი და საშიში ნარკოტიკი მიიღეს
მცხეთა-მთიანეთის სოფელ ძნელისში სამმა ახალგაზრდამ გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო, რის შედეგადაც ისინი კომაში ჩავარდნენ.
"ფორმულას" ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა ამ დრომდე რჩება მცხეთაში, ჯეო ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში. მესამე - მდგომარეობიდან გამოვიდა.
ის პოლიციამ უკვე დაკითხა.
"ფორმულას" წყაროს ცნობით, პოლიციამ სავარაუდო ნარკორეალიზატორის კვალსაც მიაგნო.
ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ერთ-ერთი ვერსიით, უკანონო გზით შეძენილი ნივთიერება გაცილებით უფრო საშიში და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას ახალგაზრდები ელოდნენ.
ერთ-ერთის მშობელმა ბიჭები უგონო მდგომარეობაში სასაფლაოსთან იპოვა.
კერძოდ: წყარო "ფორმულას" უყვება, რომ ახალგაზრდებმა ნარკოტიკული ნივთიერება შავ ბაზარზე ნარკორეალიზატორთან შეიძინეს.
თუმცა, ნივთიერება, რომელიც მათ შეუკვეთეს, სულ სხვა და ბევრად საშიში აღმოჩნდა.
კომაში მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი ბიჭის ნათესავი აცხადებს, რომ ახალგაზრდები სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე ავტომობილით იყვნენ.
მათ საშიში ნარკოტიკული ნივთიერებები უკვე მიღებული ქონდათ, რა დროსაც სასაფლაოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ბიჭის დედამ გაიარა და უცნაური ხმა შემოესმა, ადგილზე მისულმა კი ნახა, რომ თავისი შვილი და მისი 2 მეგობარი უგონო მდგომარეობაში ძირს იწვა, რის შემდეგადაც დასახმარებლად მეზობლებს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაუძახა.