რას ნიშნავს იუპიტერის რეტროგრადული მოძრაობა და რა გავლენა აქვს მას ზოდიაქოს ნიშნებზე?
ასტროლოგი რამაზ გიგაური, იუპიტერის რეტროგრადული მოძრაობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"ასტროლოგიაში - პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა გარკვეულწილად წარსულს უკავშირდება. ეს არის არა მომავალზე (დირექტიული მოძრაობა), არამედ წარსულზე ორიენტირება (რეტროგრადული მოძრაობა).
ნებისმიერი პლანეტის რეტროგრადული მოძრაობის დაწყება ამ პლანეტის ასტროლოგიური ფუნქციასთან დაკავშირებით განვითარების დამუხრუჭებაზე და წინსვლის პროცესის შენელებაზე მიუთითებს. თუმცა ეს ასევე იძლევა წარსულის ანალიზის უნარს და შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას (სწორედ ამიტომ პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა კარმულ ასტროლოგიასთან არის კავშირში).
იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობას 20 ივნისიდან (2021) დაიწყებს და ეს ციკლი 18 ოქტომბრამდე (2021) გაგრძელდება.
იუპიტერი - ასტროლოგიაში უკავშირდება:
გამარჯვებას, წარმატებას;
თვალსაწიერის, ჰორიზონტის, ცნობიერების გაფართოვებას;
რელიგიას, რწმენას, იდეოლოგიას;
განვითარებას;
ოპტიმიზმს;
განათლებას;
ექსპანსიას;
ფასეულობებს;
პატივს, დიდებას;
საგამომცემლო საქმიანობას;
იმპორტს;
უცხოეთს, უცხოელებს;
მოგზაურობა-ემიგრაციას და ა. შ.
სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით მოსალოდნელია გარკვეული დამუხრუჭების შექმნა. არ არის სასურველი სარისკო, მსხვილი ინვესტიციები, რომლის შედეგის მიღება ოთხ თვეზე ნაკლებ დროში გვინდა.
ყურადღებას ითხოვს იურიდიული საკითხები და ხელშეკრულებების გაფორმებისას საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ყველაფერი ისე იყოს დოკუმენტში გაწერილი, როგორც ჩვენ გვინდა.
თუმცა ეს კარგი პერიოდი იქნება მიღებული ცოდნის თუ ინფორმაციის გადასინჯვისთვის, ამის პრაქტიკული კუთხით გამოყენებისთვის. შეწყვეტილი სწავლის გაგრძელებისთვის და საერთოდ, იუპიტერის ზემოთ ჩამოთვლილი თემებთან დაკავშირებით ადრე დამუხრუჭებული ან გადადებული პროექტებისთვის განახლებისთვის, მათში ახალი ენერგიის ჩადებისთვის, ასევე ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომების გააზრებისთვის და გამოსწორებისთვის.
ეს პერიოდი საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ ყველა ჩვენს მეთოდს და მიდგომას, რომლითაც წარმატების მიღწევას ვლამობდით და არ გამოგვივიდა და მათში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ.
ზოდიაქოს ნიშნების კუთხით ეს პერიოდი საყურადღებო იქნება:
1. თევზებისთვის (განსაკუთრებით თევზების პირველი დეკადაში დაბადებულებისთვის);
2. მერწყულებისთვის (განსაკუთრებით მერწყულის მესამე დეკადაში დაბადებულებისთვის);
3. ქალწულებისთვის (განსაკუთრებით ქალწულის პირველი დეკადაში დაბადებულებისთვის);
4. ლომებისთვის (განსაკუთრებით ლომის მესამე დეკადაში დაბადებულებისთვის);
5. მშვილდოსნებისთვის;
6. ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში იუპიტერი დომინანტი აქვთ და ძლიერი განთავსება აქვთ", - წერს გიგაური სოციალურ ქსელში.