საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს
5 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმისთვის 1987 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. მას ძალადობას, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, მუქარას და დევნას ედავებიან.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.