იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა
იაპონიამ სანქციები დააწესა ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ რუსეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაილანდიდან, თურქეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან.
სანქციები შეეხო რუსეთის 29 ორგანიზაციას და სამ ბანკს. კიდევ 22 რუსული კომპანიისა და 335 პროდუქტის დასახელების მიმართ დაწესდა საექსპორტო შეზღუდვები.
იაპონიის ხელისუფლებამ სანქციების სიაში ასევე შეიყვანა რუსეთის 10-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის არიან „როსტეხის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ვლადიმირ არტიაკოვი, „ალროსის“ გენერალური დირექტორი პაველ მარინიჩევი, „პსვ ტეხნოლოგიის“ გენერალური დირექტორი სერგეი პეტროვი და სამეცნიერო-სამრეწველო ორგანიზაცია „ელექტრომაშინის“ ხელმძღვანელი იგორ აფანასიევი.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა 31 უცხოურ კომპანიას ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაილანდიდან და თურქეთიდან, ასევე კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ მოქალაქეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ იაპონიამ სხვა ქვეყნებთან ერთად დაიწყო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. იაპონიის ხელისუფლებამ სხვათა შორის აკრძალა რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების, ფოლადისა და ალუმინის, კოსმოსური აპარატებისა და მათი კომპონენტების, ელექტრომოწყობილობებისა და ოპტიკური აღჭურვილობის ექსპორტი.
იაპონიის პერსონალური სანქციების სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მაღალჩინოსნები, სამხედრო პერსონალი, ბიზნესმენები და სხვ. რუსეთმა ასევე დაკარგა ვაჭრობაში ყველაზე შეღავათიანი სტატუსი.