თეგებით ძიება

თაღლითური სქემა - კომპანია სტუდენტებს უფასო კურსებს სთავაზობდა, ანგარიშიდან კი ფულს პარავდა

თაღლითური სქემა - კომპანია სტუდენტებს უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობდა, ანგარიშიდან კი ფულს უხსნიდა. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, მოგვიანებით შპს პრისიჟენ კომპანიამ 300-მდე თანამშრომელი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა. თანამშრომლებს არც ხელფასი და არც ფულადი კომპენსაცია გადაუხადეს, შედეგად კი საქართველოს შრომის კოდექსის რამდენიმე მუხლი დაარღვა.

გათავისუფლებული თანამშრომლებიდან სასამართლოს ამ დროისთვის 32-მა ადამიანმა მიმართა. ისინი განაცდურის ანაზღაურებას და კომპენსაციას ითხოვენ. ამასთან, სასამართლომ პრისიჟენ სერვისის 500-მდე კომპიუტერი და სხვა ინვენტარი დააყადაღა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2020 წლის სექტემბერში პრინც ბაგრატიონის მეგობარმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა. შემდეგ ვაკანსია გამოაცხადა და დაახლოებით 500-მდე პირი დაასაქმა. ირკვევა, რომ ქართველი ოპერატორები სინამდვილეში კომპანია შოვ აკადემიისთვის მუშაობდნენ, რომელიც პრინცის მეგობრის კომპანიის კონტრაქტორი იყო. შოვ აკადემია მსურველებს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ონლაინ საგანმანათლებლო სასწავლო კურსებს სთავაზობს.

სწორედ აქედან იწყება კომპანიის საეჭვო ფინანსური მაქინაციები. ადვოკატის თქმით, უცხოელი დამსაქმებლებს სპეციალური ბაზა ჰქონდათ, რომელიც ათასობით პირის საკონტაქტო მონაცემებს აერთიანებდა. ქართველ ოპერატორებს ევალებოდათ 24 საათის განმავლობაში სტუდენტებთან კომუნიკაცია, სთავაზობდნენ შოვ აკადემიის ონლაინ კურსებს, არეგისტრირებდნენ მათ და საიტზე სტუდენტების საბანკო მონაცემები შეჰყავდათ. ვიდრე რეგისტრირებული სტუდენტი ფიქრობდა, რომ ის პირველ 8 ლექციას უფასოდ უსმენდა, ამ დროს მას ანგარიშიდან 50-დან 200 ევრომდე ეჭრებოდა.

თანამშრომლები გვიყვებიან, რომ ისინი 2 ცვლაში მუშაობდნენ, ანუ კომპანია მთელი კვირის განმავლობაში, 24 საათი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა და ქართველი ოპერატორები მსოფლიოს სხვადსხვა წერტილში სტუდენტებს პროგრამებზე არეგისტრირებდნენ. მათივე თქმით. ძირითადი სამიზნე სამხრეთ აფრიკელი სტუდენტები იყვნენ. თუმცა, მსმენელებს შორის, ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდანაც იყვნენ.

24-საათიან რეჟიმში მომუშავე ქართველი ოპერატორები ყვებიან, რომ საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიის ხშირი სტუმარი იყო პრინცი ხუან ბაგრატიონ-მუხრანელი. მართლია, ოფიციალურად, დოკუმენტებში ბაგრატიონი არ ფიგურირებს, თუმცა, თანამშრომლები ამბობენ, რომ ის ირლანდიელის მეწილე იყო და კომპანიაში თითქმის ყოველდღიურად მოდიოდა. სავარაუდოდ, სწორედ პრინცი ლობირებს ირლანდიელ ბიზნესმენს საქართველოში.

​ირლანდიელთან მეგობრობას ადასტურებს, თუმცა, პრისიჟენ სერვისში ბიზნესინტრესებს ან სხვა საქმიან ურთიერთობას კატეგორიულად გამორიცხავს თავად პრინც ხუან ბაგრატიონ მუხრანელი, შაბათის ფორმულასთან საუბარში მან დაადასტურა, რომ კომპანიის ხშირი სტუმარი იყო, მაგრამ არა მეწილის არამედ მეგობრის სტატუსით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა