თეგებით ძიება

"ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - ევროკავშირის საელჩო საქართველოში

ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავს უკავშირდება.

"დღეს ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავს აღნიშნავს. კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას.

ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დაცვას. ეს უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. "ბორდერიზაციის", გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. პანდემიის დროს, ასეთი დარღვევები დამატებით ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რამაც მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებით აღიარებულ წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევას უნდა მოჰყვეს სანდო და პასუხისმგებლიანი გამოძიებები, რათა მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს.

კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით.

ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა