ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ძალადობისთვის 2 პირი დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, 1991 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ა.მ. - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს,თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც.", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.