მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების ვინაობა ცნობილია
მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე ბეჟან ჭკადუა და რევაზ პაკელიანი.
5 იანვარს, ბრალდებულებმა - რევაზ პაკელიანმა და ბეჟან ჭკადუამ ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები.
პროკურატურის ცნობითვე, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული, ვიქტორ სოლოვიოვი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.
რევაზ პაკელიანსა და ბეჟან ჭკადუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.