"ერთმანეთს ვერ იტანდნენ... იმ ბიჭს მოუკლია, ჩაქუჩი თავში დაურტყამს, ასე ამბობენ. თბილისში მუშაობდა" - სასტიკი მკვლელობა თბილისში
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდეული - 1976 წელს დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მას ბრალი ედება 45 წლის კაცის, კასპში მცხოვრები გიორგი ბასიაშვილის მკვლელობაში.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ. მომხდარიდან მალევე დააკავა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
"ერთმანეთს ვერ იტანდნენ... იმ ბიჭს მოუკლია, ჩაქუჩი თავში დაურტყამს, ასე ამბობენ. თბილისში მუშაობდა", - ამბობს ადგილობრივი "მთავარ არხთან".
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.