სტაბილიზაცია ნამდვილად შეიმჩნევა - ჯანდაცვის მინისტრი ეპიდვითარებაზე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაცია შეიმჩნევა, იმატებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, მიუხედავად ამისა, იმატებს გარდაცვალების მაჩვენებელი, რადგან გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით ჩამორჩება ახალი შემთხვევების პიკს.
სტაბილიზაცია ნამდვილად შეიმჩნევა. დღეის მდგომარეობით გვყავს 3 034 ინფიცირებული, აქტიური შემთხვევა ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ უკვე არის მნიშვნელოვანი კლება, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში აქტიურად შეიმჩნევა. ასევე გამოჯანმრთელებულების რიცხვი, რომელიც პროპორციულად იმატებს, ძალიან გვახარებს. ლეტალობის მაჩვენებლები კი ჯერჯერობით იმატებს და ვიცით, რომ ამ ინფექციისთვის ეს დამახასიათებელია. ლეტალობის მაჩვენებლის მატება 2-3 კვირის დინამიკაში მიჰყვება აქტიურ შემთხვევებს. სწორედ 2-3- კვირის დაგვიანებით ჩვენ გვექნება ლეტალობის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი რიცხვი. დღეს გვყავს 86 დაღუპული, მინდა, მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ეს რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და იმ ექიმებისთვის, რომლებიც ამ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ძალიან ტრაგიკული ფაქტია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. დღეს ანტირეკორდი დაფიქსირდა - ქვეყანაში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდიცვლა. ბოლო 24 საათის სრულ სტატისტიკას გაეცანით აქ.