თუ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, ყოველთვიურად 50-70 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ - ამირან გამყრელიძე
თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლებით, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძენ "რუსთავი2"-თან განაცხადა.
მისი თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ პირბადის ტარების ნიშნული ქვეყანაში არის შემცირებული და 43%-მდეა ჩამოსული.
"ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს მთავარი დამცველი საშუალება - პირბადე, რომ ყველამ, 95%-მა მოსახლეობის ატაროს - პირიქით, მოდის ქვევით, რაც ძალიან ცუდია პროგნოზულად. იმიტომ, რომ თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლებით, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერ აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია რთულია და რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა, რომ ყველამ დავიცვათ ეს რეკომენდაციები - პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და აცრა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 587 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 74 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღმდე, საქართველოში კორონავირუსის 564,837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 7,806 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 514,768 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანა მსოფლიოში 49 ადგილს იკავებს.