თეგებით ძიება

“ჩაუდეს 17 აბი ნარკოტიკი და აბრალებენ, რომ 4 პოლიციელი სცემა“ - ყოფილი სპორტსმენის, გიორგი გოგოტიშვილის და მასშტაბურ აქციებს აანონსებს

ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის ოზურგეთში დაკავებული, ყოფილი სპორტსმენის, 21 წლის გიორგი გოგოტიშვილის დამ, მარიამ გოგოტიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გაავრცელა, სადაც იმ გეგმებზეც წერდა, რასაც ისინი აპირებენ სამართლიანობის აღსადგენად.

TIA.GE დაუკავშირდა მარიამ გოგოტიშვილს. ჩვენთან საუბარში მარიამმა გიორგის დაკავების ისტორია დეტალურად გაიხსენა... "გურიაში განმეორდა "ბირჟა მაფიას" სიტუაცია... მოკლედ, 13 აგვისტოს კურორტ ბახმაროში ისვენებდა ჩემი ძმა, გიორგი გოგოტიშვილი, სადაც კოვიდ ტესტის ასაღებად იდგა რიგში, ამ დროს მიუახლოვდა შავი "პრადო" და გაიტაცეს... ამის შემდეგ იწყება საოცარი ზღაპარი... თითქოს, გიორგი 17 აბი ნარკოტიკით მარტო მოძრაობდა ფეხით, ბახმაროს ცენტრალურ ქუჩაზე გახსნილ მდგომარეობაში ატრიალებდა დანას, ეს დანა დაინახეს პოლიციელებმა, მისვლისთანავე გიორგიმ გამოხატა აგრესია და დაუწყო მათ ცემა... ჯამში, თითქოს, 25 წუთის განმავლობაში 4 პოლიციელი უცემია და როცა დააკავეს, ჯიბეში აღმოუჩინეს 17 აბი ნარკოტიკი... აი ეს ზღაპარი დაიჯერა პროკურორმა და გამოუტანა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა".

მარიამ გოგოტიშვილის ინფორმაციით, გიორგი ქუთაისის ციხეში 15 აგვისტოს შემდეგ იმყოფება. მისივე განმარტებით, გიორგი ყოფილი სპორტსმენია და სიგარეტსაც კი არ ეწევა. "გიორგის ნემსის მიმართ ფობია აქვს და არასოდეს არანაირი წამალი ინექციის სახით არ აქვს განაკეთები, არის სპორტსმენი, დაიწყო ძიუდოთი და დაასრულა რაგბით, სიგარეტსაც კი არ ეწევა...თავისი ვაჟკაცობით მთელ გურიაშია ცნობილი, ამიტომაც უდგას თითქმის მთელი გურია გვერდით".

მარიამმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გიორგის მხარდასაჭერად და სამართლიანობის აღსადგენად, უახლოეს პერიოდში მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

ცნობისთვის,გიორგი გოგოტიშვილი, დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა