თეგებით ძიება

პრემიერი - 2 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, 3 წელი აღარ იქნება არჩევნები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას სამცხე-ჯავახეთში. მერობის კანდიდატები წარადგინა: ბორჯომში - ოთარ არბოლიშვილი, ახალციხეში - ირაკლი ლაზარაშვილი, ადიგენში - გოჩა ქიმაძე.

"დღეს დავათვალიერეთ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა. ამ ტაძრის აღდგენა მეუფე თეოდორეს ინიციატივით დაიწყო და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ხორციელდება.

ბოლო წლებში, სამცხე-ჯავახეთის ულამაზეს რეგიონში მილიარდი ლარის 6 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში განახლდა გზები, აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობის პროექტები. სერიოზული წინსვლა გვქონდა სოფლის მეურნეობაში, ადგილობრივ წარმოებასა და ტურიზმის განვითარებაში. მხოლოდ ბორჯომში, 20-ზე მეტი სასტუმრო დაფინანსდა.

ყველა სექტორში გვაქვს ხელშესახები პროგრესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. გაათმაგებული ტემპებით, გაათმაგებული ენერგიით მეტი სამუშაოები უნდა დავაფინანსოთ, ხალხს გვერდში დავუდგეთ და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ.

მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ჩემი დავალება და ხედვა ასეთია, რომ ჩვენ ეტაპობრივად, რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა. იგეგმება 1300 -მდე ახალი საწარმოს დაფინანსება, ყველა რეგიონის მიხედვით იქნება გადანაწილებული პროექტები და გრანტები. ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ბორჯომს აქვს უზარმაზარი, უნიკალური პოტენციალი, რომ გარდაიქმნას ერთ-ერთ გამორჩეულ საკურორტო ადგილად მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ პროგრამა, რაც გულისხმობს ეტაპობრივად ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის გარდაქმნას გამოიწვევს და ვაქცევთ რეალურად ევროპულ სახელმწიფოდ.

2 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ამ არჩევნების შემდეგ, 3 წელი აღარ იქნება არჩევნები. უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია იმ პრობლემებზე და იმ გასაჭირზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას", - აცხადებს ღარიბაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა