კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკმა გადაიარა - ივანე ჩხაიძე
კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკმა გადაიარა, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა პარამეტრი, რომლითაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ფასდება, ბოლო კვირეების განმავლობაში სტაბილურად უმჯობესდება.
„მეოთხე ტალღის მაქსიმალური მაჩვენებელი – 6 208 შემთხევვა დაფიქსირდა 17 აგვისტის და მას შემდეგ ყოველდღიუდად ეს მაჩვენებელი მცირდება. მნიშვნელოვანია აქტიური შემთხევევების რაოდენობის შემცირება. 21 აგვისტოს ქვეყანაში 61 000 აქტიური შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა კი ეს რიცხვი განახევრებულია, მეტიც, 29 000 აქტიური შემთხვევაა ახლა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, სტაციონარების დატვირთვა. 1 600-მდე თავისუფალი საწოლია დღეს, მაშინ, როდესაც 400-მდე თავისუფალი საწოლი იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება, უკვე დარწმუნებით ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის პიკმა გადაიარა და ახლა ამ ტალღის ჩამთავრების სტადიაში ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგი დღეების განმავლობაში გაგრძელდეს სტაბილური შემცირება. ოქტომბრის დასაწყისისთვის შესაძლებელია, 1 000-მდე შემთხვევები დაფიქსირდეს“, – განაცხადა "პირველ არხთან" ივანე ჩხაიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 579,031 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 8,146 ადამიანი გარდაიცვალა.