თეგებით ძიება

პრემიერი - გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება, არც მომხდარა და არც მოხდება

გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება, არც მომხდარა და არც მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა, ასპინძის მერობის კანდიდატის, როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას განაცხადა, მმართველმა პარტიამ ბევრი პროექტი განახორციელა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყველა მიმართულებით ბევრი საქმე გაკეთდა.

„პროგრესი და სიკეთე მართლაც ხელშესახებია, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზების მოწესრიგება, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალმომარაგების პროექტები, სოფლის მეურნეობის თუ ადგილობრივი წარმოების მიმართულებით უამრავი პროექტი დაფინანსდა.

ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევაა, ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ უჭირს და მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა, სიღარიბე, რომელიც ჩვენი მთავრი საზრუნავი უნდა იყოს. ჩვენ შევძელით ბოლო 7 არჩევნებში ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვება და ახლა ვემზადებით ასევე ღირსეული და ძლიერი გამარჯვებისთვის 2 ოქტომბერს.

ჩვენ ახლა ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროექტების დაწყებას. თითოეულ რეგიონზე არის მორგებული ყველა ის პროექტი, რომელიც ახლა მუშავდება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ჩვენი გეგმის მიხედვით, არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენს უნიკალურ ქვეყანას გააჩნია, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, მეცხოველეობის განვითარება, უამრავი სხვა, რომელიც ამ რეგიონს გააძლიერებს, ფეხზე დააყენებს სოფელს და სოფლის მოსახლეობას. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ჩვენ არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადავდგით ბოლო წლების განმავლობაში. დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები - „აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებში შეიქმნა სულ მცირე 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, დაფინანსდა ასეულობით ახალი საწარმო, გადაიარაღდა არსებული საწარმოები და ახლებიც აშენდა. მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მაგრამ გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვაპირებთ ამ პროგრამების გაფართოებას და 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით და 1300-მდე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ 350-ზე მეტი სფერო გამოკვეთა, რომელიც მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაფინანსდეს.

„ეს მინიმუმ 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის მომდევნო 3-4 წელიწადში. ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ეს იქნება გზების, მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, წყალგაყვანილობა, რომ ყველა ქალაქს 24-საათიანი წყალი ჰქონდეს. ასევე გამოწვევაა 3 ათასამდე სოფელს არ მიეწოდება სტანდარტის შესაბამისი, ხარისხიანი წყალი. გვაქვს დეტალური გეგმა, როგორ დავძლიოთ ეს გამოწვევა. ხელშესახები პროგრესი გვაქვს გზების მშენებლობის მიმართულებით. ყველა მუნიციპალიტეტში განახლებულია გზები, ხიდები და ეს პროცესი გაგრძელდება. ჯამში 8 წლის განმავლობაში 10 ათას კილომატრამდე გზას ჩაუტარდა აღდგენა, რეაბილიტაცია, მათ შორის ისეთ გზებს, რომლებიც თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს არ იყო აღდგენილი. ჩვენ გაათმაგებული ტემპებით უნდა ვიმუშაოთ, ვინაიდან ჩვენს მოსახლეობას ჯერ კიდევ უჭირს, სიღარიბე და უმუშევრობა არის მთავარი გამოწვევა", - აღნიშნა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა