თეგებით ძიება

გიორგი გახარია - მესმოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა რისკის ქვეშ დადგებოდა, მაგრამ ვერ წარმომედგინა ის, რაც დღეს ხდება

ძალიან კარგად მესმოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა გარკვეული დისკომფორტის და ზოგიერთები რისკის ქვეშ დადგებოდნენ. მაგრამ ვერ წარმომედგინა ის, რაც დღეს ხდება. რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა, - აცხადებს ექსპრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით.

„მე ძალიან კარგად - დეტალურად ვიაზრებდი, რა მოჰყვებოდა ყველაფერ ამას და ძალიან კარგად მესმოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა, გარკვეული დისკომფორტის და ზოგიერთები რისკის ქვეშ დადგებოდნენ. მაგრამ მართლა გეუბნებით - ვერ წარმომედგინა ის რაც, დღეს ხდება. და ის რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო და უნდა გადამედგა,“ - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ბოლო ორი დღის მანძილზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებული ამორალური ხასიათის ზეწოლების და მოსყიდვის შესახებაც ისაუბრა.

„დღეს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი - ახალგაზრდა ქალის რომელიც მასწავლებელია ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მართულ სკოლაში - დირექტორმა დაიბარა პირდაპირ უთხრა ერთ-ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირის სახელით, რომ აირჩიე - ან იქ უნდა იყოო, ან გაგიშვებთო. გუშინ მაგალითად, ვიყავით დევნილთა დასახლებაში, სადაც საკითხი ასე დგას, რომ თუ მიხვალ გახარიასთან ღონისძიებაზე, სოციალურ დახმარებას მოგიხსნითო -დევნილებს ეუბნებიან ამას. ჩვენს ფოთის მერობის კანდიდატთან მივიდნენ და ეუბნებიან, რომ 200 000 ლარს მოგცემთო, აი ამ სიაში ნებისმიერ მიწას ხელი დაადეო და 3000 ლარიც ყოველთვიურად გექნებაო. არ ვიცი - წარმოუდგენელი რაღაცაა. მე მესმის აქ რაშია პოლიტიკური ლოგიკა - ჩვენ რაღაც საკითხებში მართლა ხელს ვუშლით. “ - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარემოს ცვლილების გამო არ მოელოდა თუ ქართული ოცნება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ფასეულობებზე უარს იტყოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება არავისთვის გაენაწილებინა.

„რეალურად, მართლა ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა -შეცდომებიც ბევრი იყო. მე კარგის ნაწილიც ვიყავი და ცუდის ნაწილიც ვიყავი, ბევრი რამე მომხდარა ჩვენს თავს, მაგრამ ვერ წარმომედგინა, არ ვუშვებდი, რომ ოცნება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ფასეულობებზე იტყოდა უარს. ვფიქრობდი, რომ ეს იმდენად მეორე ხარისხოვანია, რომ არანაირი პრობლემა არაა - ახლა ქვეყანაში უკვე ისეთი გარემოა, რა მოხდა მერე თუ ვიღაცასთან პასუხისმგებლობა გაიყავი, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი ხომ? - მაგრამ არა.“ - ამბობს გახარია.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს. მხარდამჭერთა გუნდს საკუთარი სივრცე ექნება, რომელიც უზნაძის ოთხ ნომერში განთავსდა. მხარდამჭერთა გუნდში დარეგისტრირება მოქალაქეებს დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლებათ, ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია.

საქართველოში თვითმმართვეობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა