თეგებით ძიება

"სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები, დიდი ხანია ცდილობენ ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას" - მდინარაძე ფარულ ჩანაწერებზე

"სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები, დიდი ხანია ცდილობენ ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სასულიერო პირების ფარულ ჩანაწერებზე.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას", ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის მტრებს, 2 ოქტომბრის არჩევნებში ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს.

„ეს არის იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა ახორციელებს წლების განმავლობაში.

სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა, მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ მრავალი საუკუნის მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს და მათთან გამკლავებაც არ გაუჭირდება.

ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების „შეკერვა“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება, უკვე წლებია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა. თუმცა, ამ მეთოდებით მათ ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს. ეს მათ არც მომავალში გამოუვათ.

ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება დგანან და იდგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე.

ის გარყვნილება, რაც ვიხილეთ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელეარხების საშუალებით, იმის შედეგია, რომ ეს პოლიტიკური ძალა მყარად არის დარწმუნებული საკუთარ საარჩევნო მარცხში.

ნაციონალურ მოძრაობას, ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის მტრებს, 2 ოქტომბრის არჩევნებში ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს.

ჩვენი მხრივ, ქართულ საზოგადოებას ვაძლევთ მყარ გარანტიას, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად დაიცავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას და ეროვნულ ინტერესებს”, - განაცხადა მდინარაძემ.

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა