თეგებით ძიება

პირობას ვდებ, პოლიტიკური პოლიცია, კგბ იქნება ეს, სუკი, კუდი თუ სუსი, გაუქმდება - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია პირობას დებს, რომ, პოლიტიკურ პოლიციას გააუქმებს.

როგორც ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მელიამ განაცხადა, სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

"ბოლომდე გახრწნეს და მოდით, სიმართლე ვთქვათ, ბევრი გაუხრწნელი ადამიანი გახრწნეს, გაანადგურეს ქვეყნის ყველა ინსტიტუცია. არ დატოვეს არავინ და არაფერი, ვისაც არ უსმენენ, არ უთვალთვალებენ და შემდეგ ამ ყველაფრით არ აშანტაჟებენ, არ აშინებენ.

საზოგადოებამ ვნახეთ, თუ რა მასშტაბი აქვს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ უკანონობასა და დანაშაულებს, რა შემზარავად ამორალურია ეს რეჟიმი. როგორ გროვდება სასულიერო პირებზე მაკომპრომატირებელი ინფორმაცია და შემდეგ როგორ ხდება მათი გადაბირება და სუსის აგენტებად ქცევა.

ამასთანავე, სამწუხაროდ, ამ მასალებში ჩვენ ვნახეთ ცნობები/ფაქტები სასულიერო პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დანაშაული აღეკვეთა და დამნაშავე დაესაჯა, ივანიშვილის რეჟიმი დანაშაულზე მოპოვებულ ინფორმაციას იყენებს საკუთარი მანიპულაციებისთვის - სასულიერო პირების შანტაჟისა და სათავისოდ გამოყენებაში.

დღეს უკვე გასაკვირი არ არის თუ რატომ არიან სასულიერო პირები რეჟიმის დაკვეთების შემსრულებლები. და ამავდროულად, ნათელი გახდა, როგორი მეთოდების გამოყენებით აიძულებენ მათ ამგვარად მოიქცნენ. ჩემთვის, პირადად, ეს თითოეული დაშანტაჟებული მღვდლის, ბერის, მონაზონის, თუ ეპისკოპოსის პირადი ადამიანური ტრაგედიაა.

მე, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი, თავს ვალდებულად ვთვლი, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, პირდაპირი გაგებით ვგულისხმობ ამას - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ვებრძოლო არა მხოლოდ ივანიშვილს და მის დამქაშებს, არამედ უკანონობას, სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშულებს, ჩვენი სამშობლოს განადგურებასა და ადამიანებისთვის იმედის, ბედნიერების და რწმენის წართმევას. ეს უმძიმესი რეალობა გვაქვს ჩვენ ახლა. ნუღარავინ მოიტყუებს თავს რომ სხვა რამე ხდება ჩვენს ირგვლივ.

ყველამ უნდა ვიმოქმედოთ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში და აქტიური ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რომ საბოლოოდ არ გავნადგურდეთ, როგორც ქვეყანა, საბოლოოდ არ დავანგრევინოთ მრავალსაუკუნოვანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და რაც მთავარია, ამ სახედაკარგულ ბოროტებას არ გავასრესინოთ არც ერთი ადამიანი და მისი ღირსება. არც ერთი ადამიანის. რადგან როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე საეკლესიო თვალსაზრისითაც, მთავარია ადამიანი!

დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა სუსის უფროსმა, ივანიშვილის გებელსმა - გრიგოლ ლილუაშვილმა.

მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია, იქნება ეს კგბ, სუკი, კუდი, სუსი თუ ჯანდაბა, გაუქმდება. არ იარსებებს ქვეყანაში თქვენი გადასახადებით დაფინანსებული უწყება, რომელიც თქვენვე გისმენთ და გაშანტაჟებთ! არ იარსებებს ღირსების და თავისუფლების ფეხქვეშ გამთელავი მანქანა, რომელიც სახელმწიფოს სახელს ამოფარებული, თქვენ გერჩით და გისმენთ

ეს მოხდება 100% მე ამის პირობას ვდებ და რადაც არ უნდა დამიჯდეს.ამას მივაღწევ მეგობრებთან ერთად და ამის მთავარი გარანტი ქვეყნის კოალიციური მმართველობა იქნება!

დღეს არც მერია, არც არცერთი საკრებულოს ადგილი არაა ახლა საზოგადოების ფსონი - ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს მოსაგები, ჩვენი ქვეყნის ნორმალური მომავალი. ხალხო! არა ნათელი, არა დიდი, არა დიადი - უბრალოდ ნორმალური მომავალი - სადაც არ გჩაგრავენ, არ გაშანტაჟებენ, ცხოვრებას არ გინგრევენ! დადგა დრო, ისტორიული გარდატეხის და ამ გარდატეხას მოვახდენთ ერთად!!! უკან დაარჩება ბნელი და გაიმარჯვებს ნათელი!" - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილები გავრცელდა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა