თეგებით ძიება

"ამ მასშტაბის ინფორმაცია არ მქონდა" - გიორგი გახარია მოსმენებზე

ექსპრემიერ, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარიას მტკიცებით, პრემიერ-მინისტრობის და შს მინისტრობის დროს მან არ იცოდა, რომ ქვეყანაში მოსმენები ამ მასშტაბით მიმდინარეობდა.

როგორც გახარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, მოსმენების შესახებ საქმის კურსში მას არც სუს-ს უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი აყენებდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმაზე, რომ ადამიანებს ამ მასშტაბით უსმენდნენ, გახარია პასუხობს:

"არა, არ მქონია.

"მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, უსაფრთხოების სამსახურიდან ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომდიოდა გარკვეული ბრიფები.
მაგრამ ამ მასშტაბის ინფორმაცია არ მქონდა, რა თქმა უნდა", განაცხადა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, პირველ რიგში, უნდა დადასტურდეს სუს-ის გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა, ამასთან, გამოძიებულ იქნას, როგორ მოხდა ამ მასალების გამჟღავნება.

"პირველ რიგში, ამ ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს. იმ ნაწილში, სადაც ავთენტურობა იქნება დადგენილი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მე ამას ვუშვებ - შეიძლება, დანაშაული იყოს დადგენილი.

ეს ძალიან მძიმე დანაშაულია.

რაღაც ნაწილში, გარკვეული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ვიღაცებს შესაძლოა ლეგიტიმურადაც უსმენდნენ. ასეთებიც შეიძლება მოხვედრილიყვნენ იქ, ზოგიერთები. ბევრს არ ვამბობ.

მეორე საკითხია, როგორ მოხდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ეს მეორე დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ უწყებებში ინფორმაცია როგორ მოძრაობს, კაციშვილმა არ იცის.

მესამე, უმძიმესი საკითხი - იმის ნაცვლად, რომ ეს ორი საკითხი დაადგინო - ავთენტურობა და იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი, საერთოდ როგორ გაჟონა ამ უწყებიდან, დღეს რას ვხედავთ - მმართველი ძალა ამ არა მარტო მათთვის, არამედ ქვეყნისთვისაც უბედურებას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და ვიღაცისთვის დამიზნებას". -თქვა ექსპერმიერმა ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილები გავრცელდა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა