თუ იქნება ე.წ. ნახტომისებური ზრდა, რეგულაციების გამკაცრების საკითხი დადგება - ამირან გამყრელიძე
თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მეხუთე ტალღის სიმძიმის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
"შეიძლება შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ამას მოჰყვება, თავისთავად აქტიური შემთხვევების ზრდა, ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა და ყველა ის თანმდევი მოვლენები, რაც ახასიათებს ეპიდვითარების გაუარესებას. ამიტომ, აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსივობა.
თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. აკუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას,"- აცხადებს "რუსთავი2"-თან გამყრელიძე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 056 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.