"ძალიან დრამატული და საფრთხილო მონაცემები დაფიქსირდა დღეს" - მარინა ენდელაძე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ადამიანები ხშირად არ იჯერებენ კოვიდით გამოწვეულ სირთულეებს იქამდე, ვიდრე თავად არ შეეხებათ.
"ძალიან დრამატული და საფრთხილო მონაცემები დაფიქსირდა დღეს. ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, ამდენი ინფიცირებულის კონტაქტები, რა თქმა უნდა, მოიმატებს. ასეთი ზრდა ინფიცირების მაჩვენებლების თითქმის პიკის დროს იყო. თუ ასე გაგრძელდება, უფრო მეტად გაგვიჭირდება. ძალიან რთული იქნება ეს ყველაფერი მედპერსონალისთვისაც. როდესაც ჩახედავ თვალებში პაციენტს, რომელსაც ძალიან უჭირს, მაშინ აღარ იქნება კითხვის ნიშანი ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, თუ პირადად არ შეეხოთ ეს ადამიანებს, რატომღაც ისე არ იჯერებენ,"- აცხადებს მარინა ენდელაძე.