"სკოლები ონლაინ სწავლებაზე უნდა გადავიდეს..." - ზურა ჭიაბერაშვილი
საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ქვეყანაში ბოლო დროს კოვიდშემთხვევების მატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეპიდვითარების გაუარესების გამო, სკოლები დისტანციურ სწავლაზე უნდა გადავიდეს.
"1. სკოლები ონლაინ სწავლებაზე უნდა გადავიდეს. ჩემზე ნუ გაბრაზდებით - მთავრობაზე გაბრაზდით.
2. ამ მთავრობის ხელში ვაქცინაციით საზოგადოებრივ იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ, ჯოგურს - კი. ჯოგური იმუნიტეტი მსხვერპლს ნიშნავს, უზარმაზარ მსხვერპლს (რიცხვის დაწერისაც კი მეშინია).
3. ამ მთავრობის ხელში ვაქცინაციით საზოგადოებრივ იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ არათუ ამ წელს, არამედ საერთოდ. "წავიდა ის დრო, როდესაც უმცირესობა თავს ახვევდა თავის ნებას უმრავლესობას", გვითხრა ივანიშვილის "ნასტავნიკმა". უმრავლესობას კი აცრა არ უნდა. თავის დროზე არც მანქანაში ღვედის გაკეთება უნდოდა. რატომ არ უნდა? იმიტომ, რომ მთავრობამ არაფერი აუხსნა.
4. თავს გაუფრთხილდით ინდივიდუალურად: აიცერით, ატარეთ პირბადე.
5. დისტანციის დაცვას რას შეეხება. 14 ოქტომბერს 18:00 საათზე გადით მიტინგზე. სხვაგვარად ეს ჯოჯოხეთი უსასრულოდ გაგრძელდება", - წერს ჭიაბერაშვილი ფეისბუქზე.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ხოლო 1 586 პირი გამოჯანმრთელდა.