"პერიოდულად გვექნება “პიკები”, ყოველდღიურად 30-40 გარდაცვლილი, მუდმივად შიში" - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი, ვაქცინირებულთა რაოდენობა არ გაიზრდება, საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესება.
“რასაც ველოდებით, ეს არის 15 ოქტომბრიდან დაანონსებული ე.წ. ვაქცინაციის მარათონი – სოფელში მობილური ბრიგადების ჩასვლა, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა. ამ ფაქტორებმა, შესაძლოა, გარკვეული როლი ითამაშონ და ოქტომბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გავზარდოთ. დიდი ალბათობით, შეიძლება მოიმატოს, მაგრამ სასურველ ციფრამდე მიღწევა გაძნელდება. ამიტომ, ასეთი ვარიანტი აუცილებლად უნდა იყოს განხილული, ეს სარეზერვო გეგმა ქვეყანას უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი გაგრძელდება თვეების და წლების განმავლობაში. თუ ყოველ დღე 5 ათასი ადამიანი აიცრება და არც ეს მგონია რეალური, ნათელია, რომ 2022 წელს გავატარებთ ისეთივე შიშის, რისკისა და საფრთხის ქვეშ, როგორც ახლა ვართ. გვექნება ინფიცირების მუდმივად მაღალი მაჩვენებელი, პერიოდულად გვექნება “პიკები”, ყოველდღიურად 30-40 გარდაცვლილი, მუდმივად შიში, რომ ჩვენ ვიღაც “წითელ ზონაში” შეგვიყვანს, აკრძალვას მოგვიყენებენ და ტურისტის ჩამოსვლაც იქნება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.