"მწვანე სტატუსი“ არ უნდა იყოს მუდმივი - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ კოვიდგადატანილებს საქართველოში „მწვანე სტატუსი“ მუდმივად არ უნდა ჰქონდეთ.
"ქვეყანაში რეინფიცირების უკვე 5 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა გარანტიას, რომ კოვიდი ისევ არ დაგემართებათ. კიდევ დაგროვდება სამედიცინო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, ეს (რეგულაცია) შეიცვლება“, - განაცხადა იმნაძემ.
იმნაძის ინფორმაციით არის შემთხვევები, როდესაც ვირუსგადატანილი ადამიანები ერთიან მონაცემთა ბაზაში არ არიან.
„ჩვენი ბოლო გათვლებით, საქართველოში დაახლოებით 55% არის იმ ადამიანების, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი აქვს, ეს არის როგორც ვირუსგადატანილები, ასევე აცრილები. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან ბაზებში“, - განაცხადა იმნაძემ.